კრიმინალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს – აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ზუსტად ცნობილია ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. 

„დანაშაულის ჩასადენად მათ ჯგუფურად შეიძინეს იარაღი და ვაზნები. ნინო ბერიძისგან იქირავეს „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი. ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძესთან ერთად ჯგუფურად ატარებდა ამ იარაღს და ვაზნებს. 15 სექტემბერს 16:00 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას მიმდებარედ გააჩერა მანქანა, ხოლო კავილაძე დარჩა საჭესთან. ალეკო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას, როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას.

ნიკოლოზ კვარაცხელია ეცადა გაქცევას მანქანის უკანა მხარეს, თუმცა ჭელიძე კვლავ გაეკიდა და ისევ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები. ალეკო ჭელიძე გაიქცა, ჩაჯდა კავილაძესთან ავტომობილში და მიიმალა. კვარაცხელია გადაიყვანეს საავადმყოფოში და იქ გარდაიცვალა. ეს არის ბრალდების ფორმულირება და მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, დღევანდელ დღეს უნდა მოხდეს აღკვეთის განსაზღვრა.

ზუსტად ვიცით ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც აღკვეთის საფუძველია, პირველ რიგში, გარემოება, რომ ამ პირებმა ნამდვილად ჩაიდინეს ეს დანაშაული – მოწმეთა დაკითხვები, ამოღების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, ამოცნობის ოქმები ფოტოსურათით. კარგად ჩანს ბრალდებულების მიერ ჩადენილი ცივსისხლიანი ქმედება. კარგად ჩანს, როგორ ცდილობენ დამალვას. ნიკოლოზ კვარაცხელიასაც ჰქონდა სიცოცხლის უფლება და დღეს იგი გარდაცვლილია. ბრალდებულები ეცადნენ დანაშაულის დაფარვას, გადააგდეს ტანსაცმელი, თუმცა საბედნიეროდ, ტანსაცმელი ამოღებულია“, – განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან 22 წლის ახალგაზრდა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ნიკო კვარაცხელია იტალიაში მცხოვრები ე. წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ახალგაზრდა კაცს, როგორც ამბობენ, კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა და პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close