fbpx
ეკონომიკადასაქმება

ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხელმოწერილი დოკუმენტი ქართველი მეზღვაურების ტრენინგის სერტიფიკატის აღიარებას გულისხმობს და მათი დასაქმების არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

„მოგეხსენებათ, დღესდღეობით ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც კარგი მომზადებით, სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე არიან დასაქმებულნი და მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. დღეიდან ისინი შეძლებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტის, მათი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებასაც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში.

არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის, მაღალი ანაზღაურებით. 2020 წლის მონაცემებით, საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურებისთვის ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი. დღეს მათ უკვე 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ქვეყანა ევროკავშირის წევრია. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close