მედიცინასაზოგადოება

„ტელევიზიით ვუყურე იმ ადამიანის სიკვდილს, ვისი გულიც გადამინერგეს“ – ის პირველია საქართველოდან, ვისაც გული გადაუნერგეს

გიორგი სარქისოვი პირველი იყო საქართველოდან, ვისაც ბელარუსში გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. წარმოშობით ასურელ მამაკაცს მძიმე დიაგნოზი – დილატაციური კარდიომიოპათია დაუსვეს. ერთადერთი გამოსავალი გულის გადანერგვა იყო.

როგორც ის „სარკესთან“ ჰყვებოდა, იმ დღეს, როცა ბელარუსში ჩავიდა, ახალგაზრდა ბაიკერი ავარიაში მოყვა, ბაიკერმა ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო და გარდაიცვალა, სიცოცხლეში კი ორგანოების ტრანსპლანტაციის თანხმობაზე ჰქონდა ხელი მოწერილი.

„დილატაციური კარდიომიოპათიის დიგნოზი რომ დამისვეს, საქართველოში პროფესორმა მითხრა, პირდაპირ გეტყვი, სხვა გზა არ გაქვს, ახალი გული გჭირდება, 2 წელი მე „გავაქაჩინებ“ შენს გულს და მერე ვეღარ ვიქნები პასუხისმგებელიო. ასეც მოხდა, 2 წელი ვიარე ჩემი გულით.

მჯეროდა, რომ გადავრჩებოდი, არამეულ ენაზე რომ გალობს მამა სერაფიმე, ჩემი მოძღვარია. ჩემთან მოვიდა და მითხრა, თუ რწმენით იქნები, აუცილებლად გადარჩებიო. ცუდად ვიყავი და ფეხზე ვერ ვდგებოდი, ზიარების შემდეგ წამოვდექი.

გულის გადანერგვის ოპერაცია მინსკში ყველაზე იაფი ჯდებოდა. 130 000 დოლარი იყო საჭირო, 70 000 დოლარი რომ გადავრიცხეთ, უკვე მინსკში ვიყავი. თანხის ნაწილი ხელზე გვქონდა.

მინსკში ჩასვლიდან მეორე დღესვე გამიკეთდა გადანერგვის ოპერაცია, ახალგაზრდა ბაიკერის გული გადამინერგეს. იქ ყველა ბაიკერს აქვს ხელი მოწერილი, რომ მისი ორგანოები გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ექიმები მაინც იღებენ ნებართვას მშობლებისგან. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი ბიჭის დედას უთქვამს, მე და ჩემი შვილი ამაზე დიდ მადლს ვერ გავაკეთებთ, იცოცხლოს მისმა გულმაო.

შეუძლებელია ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებამ გული არ დაგწყვიტოს და მეც დამენანა ის ახალგაზრდა კაცი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშენ, რომ დღეს მის გულს მე ვუვლი“, – თქვა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში გიორგი სარქისოვმა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close