სროლა ათენის ცენტრში: მსხვერპლი სოხუმელი ბერძენი აღმოჩნდა
ათენში, ალექსანდრასის ქუჩაზე (Λεωφόρος Αλεξάνδρας; ამბელოკიპის რაიონი) დაუდგენელმა პირმა გამვლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
როგორ აღმოჩნდა, მსხვერპლი სოხუმში დაბადებული პონტოელი ბერძენია, რომელიც ორესტიადაში ცხოვრობს. 32 წლის მამაკაცი ათენში თავის საქმეებზე იმყოფებოდა. ალექსანდრასის პროსპექტზე, როდესაც იკას (IKA – სოციალური დაზღვევის ინსტიტუტი) შენობასთან გადაადგილდებოდა, მას თავს დაესხნენ.
ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი „ევანგელიზმოსის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, მასზე განხორციელებული თავდასხმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას უკავშირდება.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის და მისი ვინაობაც უცნობია.
გამოცემა rua.gr-ს ინფორმაცია:
როგორც ცნობილია, შემთხვევის სიახლოვეს მდებარეობს საქალაქო პარკი – „მარსის ველი“ (Πεδίον του Άρεως), სადაც ნარკომანები და მარგინალები იყრიან თავს. არსებობს დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც პერიოდულად თავიდან იშორებენ მათ, ვინც „ბიზნესს ხელს უშლის“.
პედიონ ტუ არეოსს, ნარკომანებისა და მარგინალების თავშეყრის გამო, რაიონის მაცხოვრებლები ერიდებიან და პარკთან გავლას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უფრთხიან. მათი ცნობით, პარკში სრული განუკითხაობაა: ნარკომანები მოურიდებლად „იჩხირავენ“ დღისით მზისით, ქალები თავს სთავაზობენ კლიენტებს „ერთი გაჩხირვის“ საფასურად. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას პედიონ ტუ არეოსში პაკისტანელების და ერაყელების მაფიოზური დაჯგუფებები ახორციელებენ: „სიტუაცია უმართავია. ხდება გაუპატიურებები, ნარკოტიკების მიღება. 20-25 პაკისტანელი და ერაყელი პირდაპირ ადგილზე ახდენს გარიგებებს. მათ ყველა sisha-ზე (ნარკოტიკული ნივთიერება) შესვეს. 20-მდე პაკისტანელი და ერაყელი დილერი კლიენტებს იზიდავს: „მოდი, მეგობარო, sisha 5 ევრო, 2 ევრო; ტაბლეტები, ჰეროინი – ჩვენთან ყველაფერს ძალიან ადვილად იშოვი“, – უყვება გამოცემა rua.gr-ს საქმეში ჩახედული წყარო.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არაერთხელ მოაწყვეს მიტინგი, რათა ხელისუფლების ყურადღება მიეპყროთ ამ სერიოზული პრობლემისთვის, რომელიც რაიონს საფრთხეს უქმნის. პოლიცია პერიოდულად ატარებს რეიდებს და პარკის „გენერალურ დასუფთავებას“ აწყობს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია ისევ მეორდება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები