ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის საპატიმროს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დატოვებს
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ნიუ-იორკის სასამართლომ 2018 წლის სექტემბერში ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 14 სექტემბერს საპატიმროს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავთანდილ ხურციძე ფეისბუქზე ავრცელებს.
სპორტსმენი წერს, რომ მას ვადაზე ადრე კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო ათავისუფლებენ. მისივე ინფორმაციით, კარიერის გაგრძელებას აპირებს. ხურციძე ადვოკატებს მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის, კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები. სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
1tv.ge
კომენტარები