გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამმართველოში
5 ადამიანი დაიღუპა, 2 უკვალოდ დაკარგულია
გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება არ მოჰყოლია.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის გარემოს დაცვის სამმართველოს (LANUV) ცნობით, ქარხნის ახლოს მდებარე საცხოვრებელი რაიონიდან აღებული სინჯები არ შეიცავენ დიოქსიდებს ან პოლიქლორირებულ დიფენილებს.
მიუხედავად ამისა, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობიდან გამომდინარე, სიფრთხილის ზომების დაცვის აუცილებლობა ძალაში რჩება. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სიტუაციის ბოლომდე გარკვევამდე ბავშვებს ქუჩაში თამაშის უფლება არ მისცენ, არ ისარგებლონ ღია აუზებით, არ მიირთვან ხილი და ბოსტნეული ბაღებიდან და არ შეიტანონ ნაცარი სახლებში.
ფედერალური მიწის გარემოს დაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით აანალიზებენ სავარაუდო დაბინძურებას, თუმცა ამჟამად უკვე ცნობილია, რომ დაიწვა კონტეინერები, რომლებშიც ქლორირებული გამხსნელები იყო. „ამიტომ ამ მომენტში ვვარაუდობთ, რომ დიოქსინი, პოლიქლორირებული ბიფენილები და ფურანები კვამლის ღრუბელთან ერთად უახლოეს საცხოვრებელ რაიონებში გავრცელდა.
ქიმიკატები, რომლებზეც საუბარია, სპეციალისტთა აზრით, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დიდ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, მით უმეტეს, როდესაც დაბინძურებული ტერიტორია იწმინდება. ხანძარი შეიძლება სახიფათო ყოფილიყო მეხანძრეთა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ის მალე ჩააქრეს. პროფესორ მარტინ ვილკსის თქმით, მთავარ ტოქსიკურ საფრთხეს ქმნის მხუთავი გაზები, მათ შორის, ნახშირბადის მონოქსიდი, ციანიდი და ნახშირორჟანგი – ხანძრის დაწყებისთანავე და მის უშუალო სიხლოვეს, თუმცა მეხანძრეები დამცავ პირბადეებს ატარებენ. ეს გაზები ღია სივრცეში მალე იფანტება და საფრთხეს აღარ წარმოადგენს“.
გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში, ქიმიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება 27 ივლისს მოხდა. აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი – უკვალოდ დაკარგულად ითვლება და მათი ცოცხლად პოვნის იმედი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. 30 ადამიანმა დაზიანებები მიიღო. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებისა და მის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად კვამლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოიქმნა. ფერფლის ნაწილაკები უახლოეს დასახლებულ პუნქტებს მოეფინა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები