გერმანიაში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა
გერმანიაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი დღეს კიდევ გაიზარდა და 181-ს მიაღწია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ოთხშაბათს, 28 ივლისს რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციაში განაცხადეს, რომ იპოვეს სტიქიის კიდევ ორი მსხვერპლის ცხედარი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ ფედერალურ მიწაზე წყალდიდობამ 134 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან მხოლოდ 76-ია ამოცნობილი. გარდა ამისა, კიდევ 73 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა ჰერბერტ როილმა განაცხადა, რომ მათ ფედერალურ მიწაზე უკვალოდ დაკარგულები აღარ არიან, თუმცა წყალდიდობამ 47 ადამიანი იმსხვერპლა.
ორივე ფედერალურ მიწაზე მიმდინარეობს სამუშაოები კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად. მასში ჩართულია ავარიული სამსახურების ათასი თანამშრომელი. მათ დასახმარებლად ხელისუფლებამ ბუნდესვერის (გფრ-ის შეიარაღებული ძალები) 2000 ჯარისკაცი გაგზავნა.
სტიქიური უბედურების რაიონებში სიტუაცია ჯერ კიდევ რთული რჩება. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილია 5-იდან 6 ათასამდე ადამიანი. ზოგიერთ ადგილას ჯერჯერობით არ არის აღდგენილი სტაბილური წყალმომარაგება.
სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ ისევ ბოლომდე ვერ ხერხდება. მარტო გერმანული სატრანსპორტო საწარმოების გაერთიანებამ (VDV) ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში სამგზავრო და სატვირთო რკინიგზის ტრანსპორტის ზარალი მინიმუმ 2,3 მლნ ევროდ შეაფასა. გერმანული სადაზღვევო კომპანიები წყალდიდობის რაიონებში ზარალს 5,5 მლრდ ევროდ აფასებენ.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები