მედიცინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შტამებს ბერძნული „სახელები“ დაარქვა

კოვიდ-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით იქნება აღნიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ქვეყნების სტიგმატიზაცია, სადაც ეს ვარიანტები პირველად  გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს, 31 მაისს განაცხადა.

ამიერიდან კორონავირუსის ბრიტანულ ვარიანტს B117, ბერძნული ანბანის პირველი ასოს შესაბამისად, ალფა ეწოდა, სამხრეთაფრიკულ ვარიანტს B1351 – ბეტა, ბრაზილიურს P.1 – გამა, ხოლო ინდურ ვარიანტს B1617 – დელტა.

ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, ანბანის შესაბამისად მოხსენიება შტამების მეცნიერულად დადგენილ ოფიციალურ დასახელებებს არ ჩაანაცვლებს..

ინდური ვარიანტი B1617 ანუ დელტა სულ უფრო დომინანტური ხდება მთელ მსოფლიოში და სპეციალისტები შიშობენ, რომ ის პანდემიას გააღრმავებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ, ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი ინდური შტამით ინფიცირების 6000 შემთხვევიდან 5000 პაციენტი ვაქცინირებული არ იყო.

საქართველოში ინდური შტამი გასულ კვირაში 5 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც უცხოეთიდან შემოვიდნენ. მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. „მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია. დროზე მოხდა იზოლირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close