სამარხვო ნამცხვარი ნიგვზითა და თაფლით
საჭირო პროდუქტი: 2-3 ჩ/ჭ ფქვილი, 1/2 ჩ/ჭ თაფლი, 1/2 ჩ/ჭ გატარებული ნიგოზი, 1/2 ჩ/ჭ შაქარი, 100 გ მარგარინი, 1/2 ჩ/კ სოდა, ვანილი, 1 ფორთოხლის ცედრა.
მინანქრისთვის: 6 ს/კ კაკაო, 6 ს/კ შაქარი, 4 ს/კ წყალი, 2 ს/კ ფორთოხლის ცედრა.
მომზადების წესი: თაფლში შეურიეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როცა აქაფდება, გადმოდგით, შეურიეთ მარგარინი, ფქვილი სოდასთან და ვანილთან ერთად, ფორთოხლის ცედრა და მოზილეთ ცომი (ხელს არ უნდა ეწებებოდეს). თუ საჭიროა, შეგიძლიათ ფქვილი დაუმატოთ. ცომი გააბრტყელეთ, დააყარეთ ნახევარი ნიგოზი, გადაკეცეთ და ისევ გააბრტყელეთ, დააყარეთ დარჩენილი ნიგოზი, კიდევ ერთხელ გადაკეცეთ, თხლად გააბრტყელეთ და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ჰაერღუმელში საშუალო ტემპერატურაზე.
მინანქრის ინგრედიენტები მოათავსეთ სქელძირიან პატარა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. ნამცხვრები ამოავლეთ ჯერ შოკოლადის მინანქარში, შემდეგ კი – დაჭრილ ნიგოზში.
რჩევა: ცომსა და მინანქარში ფორთოხლის ცედრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიხაკი, დარიჩინი, ილი და ჯანჯაფილი (კოჭა).
კომენტარები