დღეს იტალიის სამი რეგიონი – ფვჯ (ფრიული ვენეცია ჯულია), მოლიზე და სარდინია კომენდანტის საათს გამოეთხოვებიან, რადგან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მინიმალური რისკის ანუ „თეთრ ზონაში“ გადავიდნენ. იხსნება დაკეტილი რესტორნები და ბარები, დახურული აუზები, თემატური პარკები, სათამაშო დარბაზები, ბაზრობები, ფესტივალები, ცირკები, სასწავლო კურსები, კონფერენციები. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.
პირველი ივნისიდან კი მთელ იტალიაში შეუძლიათ მოქალაქეებს რესტორნებსა და ბარებში დახურულ სივრცეში მიიღონ მომსახურება, აგრეთვე, სპორტულ ღონისძიებებს დაესწრონ დახურულ დარბაზებში (ტევადობის 25%-ის გამოყენების შემთხვევაში).
7 ივნისიდან კომენდანტის საათი მთელ იტალიაში 24:00 საათიდან დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება („თეთრ ზონებში“ კი დღეიდან საერთოდ გაუქმდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ).
ვაქცინაციის კამპანია სრული ტემპით მიმდინარეობს, დღეში 500 ათასზე მეტი აცრა კეთდება. უკვე აცრილია ყოველი მე-5 მოქალაქე. შესაბამისად, მუდმივად მცირდება ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა. გუშინდელი (30 მაისი) მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კოვიდით 44 პაციენტი გარდაიცვალა, რაც გასული წლის 14 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რეანიმაციაში მოხვედრილ პაციენტთა რაოდენობაც სტაბილურად მცირდება, ხოლო დადებითობის მაჩვენებლი (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა) 1,8%-ის ფარგლებშია.
ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პიერპაოლო სილერი მოქალაქეებს სიფრთხილეს ურჩევს, ბრიტანეთში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე. მისი თქმით, 6000 პაციენტიდან, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ინდური შტამით დაინფიცირდნენ, 5000 არ იყო ვაქცინირებული. იტალიაში ინდური შტამით ინფიცირებულია 1%, ამიტომ სილერის მიაჩნია, რომ ვაქცინაციის ტემპი კიდევ უნდა დაჩქარდეს. „დაასრულეთ ვაქცინაცია მეორე დოზით, ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და ამ სიტუაციას მალე უკან მოვიტოვებთ“, – მოუწოდებს იგი თანამემამულეებს.
7 ივნისიდან 4 რეგიონი – აბრუცო, ლიგურია, უმბრია და ვენეტო გადავა „თეთრ ზონაში“, 14 ივნისიდან კი მათ ემილია რომანია, ლაციო, ლომბარდია, პიემონტი, აპულია და ტრენტოს პროვინციაც შეუერთდება.
რაც შეეხება დანარჩენ 7 რეგიონს, მათ შორის, კამპანიას, რომელთა ეპიდემიოლოგიური „ფერი“ ჯერჯერობით ყვითელი რჩება, არსებული ტენდენციით, ისინი „თეთრ ზონაში“, სავარაუდოდ, 21 ივნისიდან გადავლენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები