ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები განახლდება
მიმდინარე წლის 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.
ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 4 ივლისამდე – კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს; 4 ივლისიდან 21 ივლისამდე – კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას; ხოლო 21 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენა ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიაენიჭა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს სთხოვს, გაითვალისწინონ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოები პერიოდულად ცვლიან სასაზღვრო შეზღუდვებსა და სანიტარიულ მოთხოვნებს, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. შესაბამისად, სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, მგზავრობის დაგეგმვის დროს ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
კომენტარები