ისრაელი 1-ლი ივნისიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოღებულ, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვას გააუქმებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. ჯანდაცვის უწყების სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საშუალებას იძლევა, მოქალაქეები ცხოვრების ძველ წესს დაუბრუნდნენ.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა იული ედელშტეინმა განაცხადა, ეს წარმატებული ვაქცინაციის შედეგია. მან გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს აღარ მიაჩნია საჭიროდ „მწვანე პასპორტები“, აგრეთვე, არც ე. წ. „იისფერი სტანდარტის“ შეზღუდვები.
ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნის თაობაზე. ეს შეზღუდვა 1-ლი ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში ისევ იმოქმედებს, სანამ სპეციალისტები ამ საკითხთან დაკავშირებითაც არ გაერკვევიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.
ამასთან, ძალაში რჩება შეზღუდვები ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, აუცილებლობის შემთხვევაში ეს შეზღუდვები შესაძლოა გამკაცრდეს.
ისრაელმა „ფაიზერის“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა ერთ-ერთმა ყველაზე პირველმა დაიწყო გასული წლის დეკემბრის ბოლოდან. 6 მლნ მოქალაქიდან, რომლებსაც აცრა ეკუთვნით, სრულად აცრილია 5,1 მლნ (ანუ ორივე დოზა მიღებული აქვს მთელი მოსახლეობის 56%-ზე მეტს), ხოლო ერთჯერადად – 5,4 მლნ ადამიანი.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები ამ დროისთვის მკვეთრად, ორნიშნა რიცხვებამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ადრე გაზაფხულზე ათასობით იყო. მაგალითად, 23 მაისს ვირუსი მხოლოდ 11 ადამიანს დაუდასტურდა, 24 მაისს – 17 ადამიანს და არავინ გარდაცვლილა.
worldometers.info-ს მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში დაავადდა 839 336 ადამიანი და 6404 გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ 500 აქტიური შემთხვევაა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები