იტალიაკრიმინალი

იტალიაში გასული წლის შემოდგომაზე გაუჩინარებული უკრაინელი ქალის ცხედარი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ კასტელფრანკო დი სოტოს მახლობლად, პიზის პროვინციაში უკრაინის 29 წლის მოქალაქის, კრისტინა ნოვაკის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ილმესაჯერო“ წერს, გაზეთ Il Tirreno-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კრისტინა ნოვაკი 2020 წლის შემოდგომაზე დაიკარგა. მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება  9 ნოემბერს შევიდა მას შემდეგ, რაც მას ოჯახის წევრები და მეგობრები 9 დღის განმავლობაში ვეღარ დაუკავშირდნენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი პოლიციამ 18 მაისს იპოვა ფერმერის მიტოვებულ სახლში, ტყეში. ადგილი, სადაც მსხვერპლის უსულო სხეული აღმოაჩინეს, იმ სახლიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს, სადაც კრისტინა თავის 41 წლის პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა. მოკლული ქალი პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს იმ ადგილის მიდამოებში, სადაც მისმა მობილურმა ტელეფონმა სიგნალის გადაცემა შეწყვიტა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალის სიკვდილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია

მკვლელობაში ეჭვმიტანილია 49 წლის ფრანჩესკო ლუპინო, რომელიც წყვილის მეზობელი იყო. ეჭვმიტანილი 23 მარტს დააკავეს.

ამ მომენტისთვის დანაშაულის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ კრისტინა ნოვაკი არასასურველი მოწმე იყო და იმიტომ მოიშორეს. ყველა სამხილი ფრანჩესკო ლუპინოს წინააღმდეგაა, რომლის საქმეც სასამართლომ უნდა განიხილოს.

მიმდინარე წლის 23 მარტს უკრაინელი ქალის გაუჩინარების საქმეში, რომელიც ალტოპაჩიოს (პროვინცია ლუკა) ღამის კლუბში მუშაობდა, გარდამტეხი მომენტი დადგა – დააკავეს 49 წლის ფლორენციელი ტატუს ოსტატი ფრანჩესკო ლუპინო და მკვლელობა და გვამის დამალვა წაუყენეს ბრალად. ქალი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მისი პარტნიორი, ესპანური წარმოშობის 41 წლის ბიზნესმენი აირამ გონსალეს ნეგრიმი პოლიციამ დააკავა იარაღის უკანონოდ ფლობისა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით. იარაღი და ნარკოტიკები პოლიციამ მის კოტეჯში კორტე ნარდიში, ორენტანოში აღმოაჩინა, სადაც ესპანელი 29 წლის უკრაინელ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრისტინამ იცოდა, რომ მისი რჩეული ნარკოტიკების გაყიდვით იყო დაკავებული და მისი თანამზრახველი იყო ტატუს ოსტატი ფრანჩესკო ლუპინო, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. კრისტინა თავის მეწყვილეს დაჟინებით სთხოვდა, რომ დანაშაულებრივი ბიზნესისთვის თავი დაენებებინა.

მას შემდეგ, რაც ნეგრიმმა ლუპინოს უთხრა, რომ ამ საქმიანობას და მასთან თანამშრომლობას წვეტდა, ეს უკანასკნელი მას პისტოლეტით ემუქრებოდა. საბოლოოდ პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ „საქონელს“ გაიყოფდნენ. ლუპინომ ესპანელს ნარკოტიკების მისი წილი მისცა და თავად პოლიციაში წავიდა და დაასმინა.

2020 წლის 31 ოქტომბერს პოლიციამ ნეგრიმის სახლი გაჩხრიკა, სადაც გონსალესი და კრისტინა ცხოვრობდნენ. კარაბინერებმა რამდენიმე კგ ნარკოტიკი და 2 თოფი ამოიღეს და ესპანელი დააპატიმრეს. კრისტინაც წაიყვანეს განყოფილებაში დასაკითხად, თუმცა არ დაუკავებიათ და იმავე დღეს გამოუშვეს.

ახალგაზრდა ქალმა მეგობრებს და ნათესავებს მოუყვა, რაც მოხდა. იგი მალევე გაუჩინარდა. მას შემდეგ, რაც კრისტინამ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა, დედამისმა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, განგაში ატეხა. მან განცხადება პოლიციაში 9 ნოემბერს შეიტანა.

დაკარგული ახალგაზრდა ქალის რამდენიმეთვიანი უშედეგო ძებნის შემდეგ პოლიციამ იპოვა მოწმე, რომელმაც დაინახა, რომ კრისტინას გაუჩინარების ღამეს წყვილის მეზობელს ფრანჩესკო ლუპინოს მათი სახლიდან ნაგვის შავი პაკეტები გამოჰქონდა და თავის ავტომობილში აწყობდა.

23 მარტს პოლიციამ იტალიელი დააკავა და ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში დასდო ბრალი. სანამ ცხედარს იპოვიდა, პოლიცია ვარაუდობდა, რომ ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რასაც მოწმობდა ტყვიის, თუთიის და სპილენძის  (ტყვიის კომპონენტები) კვალი, რომელიც სამართალდამცველებმა წყვილის სახლის კედლებზე აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის შემდეგ პოლიციის ვერსია დადასტურდა.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო და გამოუტანს თუ არა გამამტყუნებელ განაჩენს 49 წლის იტალიელს, რომელიც ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close