კინო/ფილმები

„ფორსაჟის“ პრემიერა მსოფლიოში საქართველოდან დაიწყო (ვიდეო)

ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე, 19 მაისს თბილისის კინოთეატრებში გაიმართა.

„კავეას“ კინოთეატრების ქსელის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრემიერაზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

„ზოგადად, მსოფლიო პრემიერას ეძახიან ამერიკულ პრემიერას. ჰონგ კონგში რამდენიმე დღეში იქნება, რუსეთში – ერთ კვირაში, მაგრამ ჩვენ ყველაზე ადრე გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ფილმის ჩვენება გვქონოდა ყველაზე ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი რთული სცენები სწორედ საქართველოში გადაიღეს და ჩვენი მოტივაცია იყო, რომ პირველს ქართველ მაყურებელს უნდა ენახა ეს ფილმი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას „კავეას“ კინოთეატრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაიკო სიხარულიძემ.

სტუდია Universal Pictures ფილმს 2019 წლიდან იღებდა, მათ შორის რამდენიმე სცენას – საქართველოში. 3 წლის წინ ფილმის რამდენიმე მძაფრსიუჟეტიანი მონაკვეთები აგვისტო-სექტემბერში გადაიღეს, რის გამოც თბილისში ჯერ რუსთაველის პროსპექტი, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაიკეტა, რუსთავში კი მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე შეიზღუდა მოძრაობა, დაიხურა ათობით სავაჭრო ობიექტი.

საქართველოს გარდა ფილმის სცენები ბრიტანეთში, აშშ-სა და ტაილანდშია გადაღებული.

საქართველოში ფილმის გადაღებაზე Universal Pictures-ს ქართული კინოსტუდია Enkeny Films შეუთანხმდა. მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები კი – 6 თვის განმავლობაში.

„გადამღები ჯგუფი საქართველოდან იყო თითქმის მთლიანად, 4000 ადამიანი იყო პროექტში ჩართული. გვქონდა ისეთი გამოწვევები, რაც აქამდე საქართველოში არ ყოფილა. რომ არაფერი ვთქვათ ამდენი ადამიანის მართვაზე, აეროპორტს მოუწია იმხელა თვითმფრინავის მიღება, რამხელაც აქამდე არასდროს შემოსულა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ბაჩო მებურიშვილმა, Enkeny Films-ის თანადამფუძნებელმა.

ბაჩო მებურიშვილის თქმით, უცხოურმა კინოსტუდიამ საქართველოში 30 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და შედეგით კმაყოფილია.

„ამ ფილმით მოხდა გარდატეხა, იმიტომ რომ ახლა უკვე გვიცნობენ, იციან ჰოლივუდში საქართველოს შესახებ და იგეგმება ახალი პროექტები. ამწუთას ჩვენს სტუდიას სამ ახალ პროექტზე აქვს მოლაპარაკება და დიდი პერსპექტივებია წინ“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ამ პროგრამის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმის, სერიალის, დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის თუ „რეალითი შოუს“ შექმნით დაინტერესებულ უცხოელ და ქართველ მწარმოებლებს დახარჯული თანხის 20-25% უკან უბრუნდებათ, თუკი ეს თანხა ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

თუ დაგავიწყდათ, როგორ იღებდნენ საქართველოში „ფორსაჟს“, შეგიძლიათ ამ ვიდეოს უყუროთ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close