დღეს დილით, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი ფრანკო ბატიატო (Franco Battiato). ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბოლო პერიოდში იგი სცენიდან წავიდა და მშვიდად ცხოვრობდა თავის სახლში, მილოში (კომუნა კატანიის მეტროპოლიაში, სიცილია), სადაც აღესრულა კიდეც. ამის შესახებ კომპოზიტორის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია.
სიცილიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ფრანკო ბატიატო 1945 წლის 23 მარტს დაიბადა იონიაში (Ionia). მან 50-წლიანი კარიერის მანძილზე უამრავი სხვადასხვა ჟანრის სიმღერა შექმნა, პოპ-მუსიკიდან დაწყებული – ავანგარდულ ჟანრებამდე და უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. თავის სიმღერებში იგი სულ განსხვავებულ თემებს ეხებოდა – რელიგიიდან და ფილოსოფიიდან, ეზოთერიკამდე. ფრანკო ბატიატო მრავალი წლის განმავლობაში თავის სამშობლოში უპოპულარულესი მუსიკალური მოღვაწე და სიმღერების ავტორი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემოქმედი იტალიურ მუსიკალურ სფეროში. მის სიმღერებს არაერთგზის დაუკავებიათ უმაღლესი პოზიციები ჰიტ-აღლუმებში, ზოგიერთი მათგანი კი ისტორიაში ჩაიწერა.
„ფრანკო ბატიატო გენიოსი იყო, ის გენიალური იყო ყველაფერში, რასაც აკეთებდა და დღეს მილოსთვის და მთლიანობაში კულტურის სამყაროსთვის დიდი მწუხარების დღეა“, – განაცხადა ალფიო კოსენტინომ, ქალაქ ეტნის მერმა, სადაც ხელოვანმა ვილა იყიდა. იგი იხსენებს, რომ „ბატიატოს იშვიათად ხედავდნენ, რადგან ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო, მაგრამ მშვიდი. მასთან საუბარი სასიამოვნო იყო და სოფელში ის ყველას უყვარდა“. მისივე თქმით, მრავალი წლის განმავლობაში იგი ეხმარებოდათ საზაფხულო ღონისძიებების მოწყობაში და მის გამო კატანიაში უამრავი დიდი ხელოვანი ჩავიდა.
ფრანკო ბატიატოს დაკრძალვა, ოჯახის ინფორმაციით, „მკაცრად პრივატული ფორმით გაიმართება“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები