თურქეთის მთავრობამ იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო თურქეთში მოქმედ იტალიურ კომპანიებთან კონტრაქტები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევროაქტივი“ ავრცელებს.
კერძოდ, ანკარამ შეაჩერა 150 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი – ვერტმფრენების შესყიდვა იტალიური კომპანია „ლეონარდოსგან“. თურქეთის ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა სხვა იტალიური კომპანიები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ. თურქეთი იტალიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო.
პანდემიამდე თურქეთში დაახლოებით 1500 იტალიური კომპანია მოქმედებდა, ხოლო იტალიასა და თურქეთს შორის ვაჭრობის მოცულობა წელიწადში 17 მლრდ ევროდ იყო შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს „დიქტატორი“ უწოდა ევროკომისიის ლიდერების თურქეთში ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოლაპარაკებების დარბაზში სკამი არ შესთავაზეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს.
თურქული მხარე ამტკიცებს, რომ პროტოკოლი არ დაურღვევიათ და ის შეთანხმებული იყო ევროკავშირთან. თავის მხრივ, ბრიუსელი ირწმუნება, რომ მათი პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლებს საბოლოო შემოწმებაზე უარი უთხრეს.
ანკარამ იტალიას საკმაოდ ხისტად უპასუხა: ჯერ ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოსთხოვეს, რომ „ეს მახინჯი და თავხედური პრეტენზიები“ დაუყოვნებლივ უკან წაეღოთ, შემდეგ კი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ პირდაპირ დრაგის მიმართა: „თუ გინდათ, ნახოთ, რა არის დიქტატურა, საკუთარი ქვეყნის ახლო წარსულს გადახედეთ და ძალიან ნათლად დაინახავთ“.
იტალიის პრემიერ-მინისტრის პოზიციას საფრანგეთიც იზიარებს. ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის, კლემან ბონის განცხადებით, თურქეთმა „ხაფანგი“ მოუწყო ურსულა ფონ დერ ლაიენს, როდესაც აიძულა, ანკარაში თავისი ვიზიტის დროს გვერდით დამჯდარიყო, იმ ადგილას, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც „sofa-gate“ (მოგეხსენებათ, როდესაც მოლაპარაკებების დარბაზში მიშელმა და ერდოღანმა ევროკავშირის და თურქეთის დროშების წინ მდგარი ორი სკამ-სავარძელი დაიკავეს, ურსულა ფონ დერ ლაიენი ფეხზე დარჩა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, შემდეგ მას გვერდით მდგარ დივანზე მიუჩინეს ადგილი – რედ.).
„თურქები ძალიან ცუდად მოიქცნენ“, – განაცხადა ფრანგმა მინისტრმა RTL-ის ეთერში და ამ საქციელს უწოდა „განზრახ ქმედება ჩვენ წინააღმდეგ“, „შეურაცხყოფა“. შემდეგ მან იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის სიტყვები გაიმეორა და აღნიშნა, რომ ეს ისტორია მოწმობს თურქეთში დემოკრატიის მიმართ პატივისცემის არარსებობას და „ავტორიტარულ დრეიფს“, რამაც ევროპას გადამწყვეტი ქმედებებისკენ უნდა უბიძგოს ანკარის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ბრიუსელის პოზიციას, ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა კითხვაზე, იზიარებს თუ არა ბრიუსელი მარიო დრაგის შეხედულებას, რომელმაც ერდოღანს „დიქტატორი“ უწოდა, განაცხადა: „თურქეთი არის ქვეყანა არჩეული პრეზიდენტით და არჩეული პარლამენტით, რომლის მიმართაც ჩვენ გვაქვს რიგი პრობლემები და რომელთანაც ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ. ეს რთული სურათია, მაგრამ ევროკავშირმა არ უნდა მიაკუთვნოს განსაზღვრება სისტემას ან ადამიანს“. მან დაუმატა, რომ შეშფოთება, რომელსაც ევროკავშირი თურქეთის მიმართ გამოთქვამს, „ეხება გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის ძირითად უფლებებს, სასამართლო სისტემის მდგომარეობას“.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები