რატომ ამრავლებენ ჩინელები კოღოებს სპეციალურ ქარხანაში?
ეს მწერი, ჩვენი პლანეტის რამდენიმე ნაწილის გარდა, თითქმის ყველგან გვხვდება. კოღოების ნაკლებობას არც ჩინეთი განიცდის. უფრო მეტიც, ის ზედმეტად ბევრია, რაც კლიმატურ პირობებს უკავშირდება. ამის მიუხედავად ჩინეთში კოღოების გასამრავლებლად უზარმაზარი ქარხანა ააშენეს.
პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩინელებს „ქარხნის“ კოღოები დანარჩენ კოღოებთან საბრძოლველად გამოყავთ.
ევროპის ქვეყნებში კოღოებს ათწლეულების განმავლობაში ებრძვიან. აზიაში კი, კერძოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ადრე ამაზე არავინ დაფიქრებულა. ევროპასთან შედარებით, აზიაში პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი შედარებით გვიან დაიწყეს.
სისხლისმწოველებისგან თავის დასაღწევად ევროპაში თბილი სეზონის დადგომამდე წყალსატევების ინსექტიციდით დამუშავება საკმარისია, მაგრამ აზიის ტროპიკული კლიმატი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თბილ ამინდსა და მაღალ ტენიანობას გულისხმობს, ასეთ მეთოდებს გამორიცხავს. კოღოებთან ომი ნამდვილ ბრძოლის ველს ემსგავსება. ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა შედეგები ნულის ტოლია.
ადამიანების მხრიდან კოღოების მიუღებლობას განსაკუთრებული ახსნა არ სჭირდება. საქმე მხოლოდ ესთეტიკასა და მომაბეზრებელ ბზუილში არაა. მთავარი უბედურება ისაა, რომ მწერებს მრავალი საშიში ინფექცია გადაქვთ, რომლებიც ყოველწლიურად, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. უამრავი თვალწარმტაცი ადგილი მწერების შემოტევის გამო რეკრეაციულ მიმზიდველობას კარგავს. ბევრი ქვეყნისთვის, რომელსაც განვითარებული ტურისტული სექტორი აქვს, კოღო ეკონომიკური ხასიათის პრობლემებსაც უკავშირდება.
ამგვარად კოღო და მისი „ახლო ნათესავი“ – მოსკიტი აბსოლუტურ ბოროტებად ცხადდება და მასთან ბრძოლა აუცილებელი ხდება. როგორ გავანადგუროთ სისხლისმწოველები, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან და ბუნებაც მათ მხარეზეა?
ჩინელმა მეცნიერებმა კითხვაზე პასუხი იპოვეს:
გუანჯოუში განსაკუთრებული ქარხანა ააშენეს, სადაც კოღოებს ამრავლებენ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კოღოები არ არიან. ქარხნის კედლებში გამრავლებული ყველა კოღო მამალია. მათში სპეციალური, სასარგებლო ბაქტერია შეჰყავთ, რომლითაც ბუნებაში გაშვების შემდეგ მდედრებს აინფიცირებენ და ის შთამომავლობას ვეღარ წარმოშობს.
ლაბორატორიული კვლევის დროს მან მაღალი ეფექტურობა აჩვენა და ექსპერიმენტში მონაწილე პოპულაცია 90%-ით შეამცირა.
ჩინელი მეცნიერები მომავალში სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის მიზნით მწერებისგან ანტისხეულების გამოყოფას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ კოღოები მრავალი ბაქტერისა და ვირუსის მატარებლები არიან, ისინი დენგესა და ზიკას ვირუსების საწინააღმდეგო წამლების შესაქმნელად ანტისხეულებს წარმოქმნიან.
წყარო: www.caixinglobal.com
funtime.ge
კომენტარები