fbpx
იტალიაკრიმინალი

იტალიელი მაფიოზი კულინარიით გატაცებამ დაღუპა (ვიდეო)

იტალიელი მაფიოზი, რომელსაც ინტერპოლი წლების განმავლობაში ეძებდა, კულინარიის სიყვარულმა და ტატუმ დაღუპა. სწორედ ტატუთი ამოიცნეს იუთუბის კულინარიულ არხზე განთავსებულ ვიდეორგოლებში სამართალდამცველებმა კალაბრიული მაფიოზური დაჯგუფების, „ნდრანგეტას“ წევრი მარკ ფერენ კლოდ ბიარტი, რომელსაც 2014 წელს რეჯო კალაბრიის გამომძიებელმა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის.

53 წლის მარკ ფერენ კლოდ ბიარტი 24 მარტს დააკავეს ინტერპოლის თანამშრომლებმა დომინიკელთა რესპუბლიკის ქალაქ ბოკა ჩიკაში (დედაქალაქ სანტო დომინგოსთან ახლოს), სადაც 5 წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას. იგი იტალიაში ჩაიყვანეს და საპატიმროში მოათავსეს.

ბოკა ჩიკაში მას იცნობდნენ, როგორც მარკს. მორიდებული, ძალიან ფრთხილი მამაკაცი თითქმის აჩრდილად იქცა, სწორედ ამ სიფრთხილემ მისცა მას შესაძლებლობა, ამდენი წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა კულინარიის სიყვარულმა არ მოასვენა და თან ერთი დეტალი მაინც გამოეპარა – ტატუ!

საქმე ის არის, რომ ბოკა ჩიკაში ყოფნისას ბიარტმა, თავის ცოლთან ერთად, Youtube-ზე შექმნა არხი იტალიური სამზარეულოს შესახებ, სადაც უამრავი ვიდეორგოლი განათავსა რეცეპტებით. ამ რგოლებში ფიგურირებდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ სახეს არასდროს აჩენდა, თუმცა კადრში მისი ტატუ მოხვდა, რითაც იგი გაშიფრეს და დააკავეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close