თბილისში, ლისის ტბასთან, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესები განვითარდა (ვიდეო)
თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის გამო მესამე დღეა მოძრაობა შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, რომელიც ვაშლიჯვარსა და ნუცუბიძეს ერთმანეთთან აკავშირებს. მეწყრული ზონა რამდენიმე ათეულ მეტრზეა გადაჭიმული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლის, ლაშა სუხიაშვილის მის გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალი, რომლის სიგანე 1 მეტრამდეა, სიღრმე კი – სულ ცოტა, ორ მეტრამდე.
თბილისში განვითარებულ მეწყერზე ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ, 17 მარტს მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.
„გასულ წლებში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების გამო დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ, მეწყრულ არეალში განვითარდა მეორადი გენერაციის მეწყერი… დამეწყრილი უბნის შესწავლისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად ჩართულები არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგადაც მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის დღევანდელი განცხადების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი გეოლოგებიც ჩაერთვებიან.
„…უკვე ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე, რაც უახლოეს პერიოდში დასრულდება. უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გაკეთდეს. ასევე დამატებით გეტყვით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ გერმანელი ექსპერტები გელოგ-ტექნარები, თვითონ ამ მიმართულებით ვინც არიან, ესენი ჩამოგვყავს. მათი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ იქნებიან ამ პროცესში ჩართულები“, – განაცხადა ბენდელიანმა.
მისივე თქმით, მაჭავარიანის ქუჩა მას შემდეგ გაიხსნება, რაც დარწმუნდებიან, რომ გადაადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება.
მეწყრული პროცესის განვითარების გამო საავტომობილო მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩზე 16 მარტს ორმხრივად შეიზღუდა.
კომენტარები