ისტორიაკულტურა

დანტე ალიგიერის შთამომავალს სურს, გაუქმდეს განაჩენები, რომლებიც პოეტს 700 წლის წინათ გამოუტანეს

იტალიაში შესაძლოა უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართოს, რომელიც დიდი ხნის წინანდელ საქმეს შეეხება. ადრეული აღორძინების ხანის უდიდესი პოეტის, მისტიკური „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორის, დანტე ალიგიერის ერთ-ერთი შთამომავალი, სპერელო დი სერეგო ალიგიერი (Sperello di Serego Alighieri) აპირებს მისი წინაპრისთვის 7 საუკუნის წინათ გამოტანილი სასამართლო განაჩენების გაუქმებას მიაღწიოს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

ასტროფიზიკოსი სპერელო დი სერეგო ალიგიერი და სამართლის პროფესორი ალესანდრო ტრავერსი მუშაობენ, რათა გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა გენიალური პოეტისთვის 1302 წელს ქალაქის მთავრობაში პოლიტიკურ პოსტზე ყოფნისას კორუფციის ბრალდებით გამოტანილი სასჯელები გააუქმონ.

ისტორია კი ასეთია: XIV საუკუნეში ფლორენცია გაყოფილი იყო „შავ“ და „თეთრ“ პარტიებს შორის, რომლებიც გველფების შიგნით (პოლიტიკური მიმდინარეობა იტალიაში XII – XVI სს., რომელიც იტალიაში წმინდა რომის იმპერიის იმპერატორის ძალაუფლების შეზღუდვას ცდილობდა) არსებული განხეთქილებების შედეგად წარმოიშვა. როდესაც „შავმა გველფებმა“ ხელში ჩაიგდეს ქალაქის მმართველობა 1301 წელს, დანტე, „თეთრი გველფების“ პარტიის წევრი, კორუფციაში დაადანაშაულეს. პოეტს დააკისრეს ჯარიმა 5000 ფლორინის ოდენობით და ფლორენციის რესპუბლიკიდან 2-წლიანი განდევნა მიუსაჯეს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების სამუდამო აკრძალვით. და როცა1302 წლის მარტში იგი სასამართლოში არ გამოცხადდა, დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი (კოცონზე დაწვა).

„ეს პოლიტიკური პროცესები იყო და სასჯელი განდევნისა და სასიკვდილო განაჩენის სახით, რომელიც ჩემს ძვირფას წინაპარს, დანტეს გამოუტანეს, უსამართლოა და არასდროს გაუქმებულა, როგორც ეს მოხდა გალილეო გალილეისთან დაკავშირებით , – ამბობს სპერელო დი სერეგო ალიგიერი, – ამიტომ, თუ ეს დაშვებულია კანონმდებლობით, ჩვენ მოვითხოვთ განაჩენის გადახედვას“.

იტალიის კანონების თანახმად, ნებისმიერი საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, თუ მსჯავრდებულის უდანაშაულობის ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება. ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს.

„დანტეს 2 განაჩენი გამოუტანეს: პირველი იყო განდევნა, მეორე – სიკვდილი. საინტერესო იქნება გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ფლორენციის იმდროინდელი  სტატუტების და მოქმედი სამართლის პრინციპების თვალსაზრისით ეს ორი გადაწყვეტილება გადაიხედოს“, – აღნიშნავს ადვოკატი ტრავერსი.

დანტეს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ქმედებები მიმდინარე წლის მაისში დაიწყება კონფერენციასთან ერთად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისტორიკოსები, ლინგვისტები, იურისტები და ანტუან დე გაბრიელი – ფლორენციელი ჩინოვნიკის, კანტე დე გაბრიელი და გუბიოს შთამომავალი, რომელმაც დანტე გაასამართლა. ექსპერტები გამოიძიებენ, იყო თუ არა დანტესთვის გამოტანილი განაჩენები სამართლიანი თუ, როგორც ადვოკატი ტრავერსი ამბობს, „მოწამლული იყო პოლიტიკის ნაყოფით, რომელიც მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის გამოიყენეს სამართლიანობის სახელით“.

რა თქმა უნდა, რეალურად, დანტეს არანაირი რეაბილიტაცია არ სჭირდება – ის აღიარებულია მსოფლიოში ერთ-ერთ უუდიდეს პოეტად; მისი „ღვთაებრივი კომედია“ იტალიურ ენაზე დაწერილი საუკეთესო ნაწარმოები და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, გენიალური პოეტური ქმნილებაა.

il Sommo Poeta („უზენაესი პოეტი“), – ასე უწოდებენ მას იტალიაში.

დანტე ალიგიერი 1265 წელს დაიბადა 21 მაისსა და 21 ივნისს შორის პერიოდში (ზუსტი რიცხვი უცნობია) ფლორენციის რესპუბლიკაში. იგი 1321 წლის 14 სექტემბერს  გარდაიცვალა რავენაში, პაპის ოლქში.

ფლორენციიდან განდევნილი დანტე ალიგიერი ჯერ ვერონაში ცხოვრობდა, შემდეგ – ბოლონიაში, 1308-1309 წლებში პარიზში აღმოჩნდა; 1310 ან 1311 წლის დასაწყისში დანტე იტალიაში დაბრუნდა, ქალაქიდან ქალაქში გადასვლის შემდეგ 1316-1317 წლებში რავენაში დასახლდა.

1321 წლის ზაფხულში დანტე, როგორც რავენის ხელისუფლების ელჩი, ვენეციაში გაემგზავრა წმინდა მარკოზის რესპუბლიკასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად. უკანა გზაზე მას მალარია შეეყარა და რავენაში გარდაიცვალა იმავე წლის 13-იდან14 სექტემბრის ღამით. იგი რავენაშია დაკრძალული.

საინტერესოა დანტე ალიგიერის საფლავის ისტორიაც: 1519 წელს ფლორენციელებმა პაპ ლეო მეათისგან მოიპოვეს უფლება, დანტე ალიგიერი მშობლიურ ქალაქში გადაესვენებინათ, ჩავიდნენ დანტეს სარკოფაგის წამოსაღებად, თუმცა უკვე ფლორენციაში დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ სარკოფაგი ცარიელი იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პოეტის ნეშტი ფრანცისკელმა ბერებმა დამალეს, რომლებსაც არ უნდოდათ „თავიანთი პოეტი“ ფლორენციისთვის დაეთმოთ.

1780 წელს არქიტექტორმა კამილო მორიჯამ რავენაში აკლდამა ააგო პაპის ლეგატის, ლუიჯი ვალენტი გონზაგას შეკვეთით (მისი გერბი გამოსახულია შესასვლელის თავზე).

აკლდამა მცირე ზომის ნეოკლასიკურ ტაძარს მოგვაგონებს სამკუთხა ფრონტონით და პატარა გუმბათით. შიგნით მოთავსებულია მარმარილოს სარკოფაგი, რომელშიც აკლდამის აგების შემდეგ დანტეს ნეშტი დააბრუნეს.

სარკოფაგის ზემოთ 1483 წელს პიეტრო ლომბარდოს მიერ შესრულებული ბარელიეფია, რომელზეც კითხვაში ჩაფლული დანტეა გამოკვეთილი.

ნინო ხოშტარია

დანტე ალიგიერის ძეგლი ფლორენციაში; ფოტო ვიკიპედიიდან/Elena (Mateyka),

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close