პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი შეზღუდვებს ამკაცრებს: რომელ რეგიონებში იზღუდება გადაადგილება საღამოს 6 საათიდან?

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო ხვალიდან, 30 იანვრიდან საბერძნეთში ძალაში შედის ახალი შეზღუდვები.

კერძოდ, ატიკის ოლქი „წითელი ზონის“ სტატუსს იძენს, რაც კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვის ზრდამ განაპირობა. გამონაკლისს წარმოადგენს ოლქის შემადგენლობაში მყოფი კუნძულები.

„წითელ ზონად“ ცხადდება, ასევე: კუნძული ლესბოსი, კოზანის ოლქი, თებე, ბეოტია, ლაკონიის მხარე, ხალკიდა, პატრა, მიკონო და სანდორინი.

ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში იკრძალება გადაადგილება საღამოს 6 საათიდან დილის 5 საათამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ათენი, სადაც გადაადგილება იკრძალება საღამოს 9 საათიდან. ეპიდემიოლოგებმა ჩათვალეს, რომ რადგანაც ათენში მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, ადამიანები შეეცდებიან, 6 საათამდე მოასწრონ საკვები პროდუქტების შეძენა, რაც სუპერმაკეტებში მომხმარებელთა სიმრავლეს გამოიწვევს.

გაიხსნება გიმნაზიები (მე-7-მე-9 კლასები), მაგრამ ლიცეუმებში (მე-10-მე-12 კლასები) სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

სალოცავებში დაიშვება მაქსიმუმ 9 მლოცველი ერთდროულად ლიტურგიის დროს.

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები, ასევე, ბიბლიოთეკები და სილამაზის სალონები კლიენტებს მოემსახურებიან წინასწარი ჩაწერით (რანდევუ).

რეგიონები, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ე.წ. ყვითელ ზონაში მოხვდა. აღნიშნულ ზონაში შემავალ რეგიონებში გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს. სწავლა დაიწყება ლიცეუმებში. საეკლესიო ლიტურგიას შეიძლება დაესწროს 25 მორწმუნე. დიდ ტაძრებში შესაძლებელია ეს რიცხვი 50-მდე გაიზარდოს.

მაღაზიები და სილამაზის სალონები იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში. ორივე ზონაში იმუშავებენ: საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები (1-ლი-მე-6 კლასები), ასევე, ყველა დონის სასამართლოები.

უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

საფეხბურთო და საკალათბურთო ლიგების თამაშები გრაფიკის მიხედვით ჩატარდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close