ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები, რომლებმაც პანდემიის შედეგად მილიარდები იშოვეს
მას შემდეგ რაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უჰანში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, დაავადებას 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. ამ ერთ წელიწადში მსოფლიომ შეძლო რამდენიმე ვაქცინის შექმნა, ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებშიც დაიწყება. პანდემიამ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები წინა პლანზე დააყენა, მათი მუშაობა ახლა მსოფლიოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
Forbes-მა 50 ახალი მილიარდერის რეიტინგი შექმნა, რომლებიც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები არიან და რომლებმაც 2020 წელს ქონებას მილიარდები შემატეს. გთავაზობთ TOP-ათეულს, რომელთა წვლილიც პანდემიასთან ბრძოლაში უდიდესია:
უღურ შაჰინი
BioNTech-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი
ქონება: $4.2 მილიარდი
წარმოშობით თურქმა ფიზიკოსმა BioNTech-ი გერმანიის ქალაქ მაინცში 2008 წელს თავის მეუღლესთან ოზლემ თურეჯისთან ერთად დააარსა. ის კომპანიის 17%-ს ფლობს. იანვრის შემდეგ BioNTech-ის აქციები 160%-ითაა გაზრდილი. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ Pfizer-თან პარტნიორობით შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად 14 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში დაიწყეს, BioNTech-ის და Pfizer-ის ვაქცინის მილიონობით დოზა დარეზერვებული აქვს ევროკავშირს, იაპონიას, კანადას და სხვებს.
სტეფან ბანსელი
Moderna-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი
ქონება: $4.1 მილიარდი
მოქალაქეობა: საფრანგეთი
საფრანგეთის მოქალაქე ბანსელი მასაჩუსეტში დაარსებული კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი 2011 წელს გახდა, მანამდე ის ფრანგული დიაგნოსტიკური კომპანია BioMérieux-ს ხელმძღვანელობდა. ბანსელი Moderna-ში აქციების 6%-ს ფლობს, მას წლის დასაწყისში 9%-ი ჰქონდა, თუმცა, 3% გაყიდა მარტში, მას შემდეგ რაც კომპანიის აქციებმა საფონდო ბირჟებზე 550%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Moderna-ს ვაქცინა გახდა რიგით მეორე, რომელიც აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ დაამტკიცა. აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობაც 95%-ია.
იუან ლიპინგი
ქონება: $4.1 მილიარდი
მოქალაქეობა: კანადა
ქონების წყარო: ფარმაცევტული ბიზნესი
იუანი ჩინური წამყვანი ვაქცინის მწარმოებელ Shenzhen Kangtai Biological Products-ში 24%-ს ფლობს. ეს მას შემდეგ, რაც ის კომპანიის ხელმძღვანელთან დუ ვაიმინთან განქორწინდა ივნისში. განქორწინებამ იუანი კანადის უმდიდრეს ქალად აქცია. ცნობისთვის, Kangtai-ს აქციები 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე 90%-ითაა გაზრდილი. იუანი კომპანიაში 2012-2015 წლებში მენეჯერად მუშაობდა, 2017 წლის მარტიდან კი Kangtai-ს მფლობელობაში მყოფი კომპანია Minhai Biotechnology-ის დირექტორი იყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ Kangtai-ს აქვს ექსკლუზიური უფლება ჩინეთში აწარმოოს AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა.
ჰუ კუნი
ქონება: $3.9 მილიარდი
მოქალაქეობა: ჩინეთი
ქონების წყარო: სამედიცინო აღჭურვილობის ბიზნესი
ჰუ Contec Medical Systems-ის თავმჯდომარეა. აღნიშნული კომპანია აწარმოებს სამედიცინო მოწყობილობებს. ის ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინხუანდაოში მდებარეობს. ჰუს კომპანია შენჯენის საფონდო ბირჟაზე აგვისტოში დაილისტა. ჰუ ახლა კომპანიის აქციების ნახევარს ფლობს, რომელთა ფასიც აქციების პირველადი საჯარო განთავსების შემდეგ 150%-ით გაიზარდა. Contec აწარმოებს ნებულაიზერებს, წნევის საზომ მონიტორებს, სტეთოსკოპებს და ა.შ.
კარლ ჰანსენი
ქონება: $2.9 მილიარდი
მოქალაქეობა: კანადა
ქონების წყარო: AbCellera
ჰანსენი ვანკუვერში დაფუძნებული კომპანია AbCellera-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს დაავადებებისთვის ანტისხეულებით სამკურნალო საშუალებების გამოვლენაში. მან კომპანია 2012 წელს დააარსა. AbCellera Nasdaq-ზე წარმატებით დაილისტა 11 დეკემბერს. აშშ-ის მთავრობამ მას 300 000 დოზა „ბამლანივიმაბი“ შეუკვეთა, რაც სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს და რომელსაც აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ ავტორიზაცია კორონავირუსის სამკურნალოდ ნოემბერში მისცა.
ტიმოთი სპრინგერი
ქონება: $2 მილიარდი
მოქალაქეობა: აშშ
ქონების წყარო: Moderna
თიმოთი სპრინგერი ჰარვარდის უნივერსიტეტში იმუნულოგი და მოლეკულური ფარმაკოლოგიის პროფესორია. ის Moderna-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ინვესტორია. მან 2010 წელს კომპანიაში $5 მლნ ჩადო. Moderna-ში სპრინგერს 3.5%-იანი წილი აქვს, რაც $1.6 მილიარდს უდრის. სპრინგერი ასევე აქტიური ინვესტორია ბიოტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე სხადასხვა კომპანიებში.
სერჯიო სტევანატო
ქონება: $1.8 მილიარდი
მოქალაქეობა: იტალია
ქონების წყარო: სამედიცინო სფერო
სტევანატო იტალიური სამედიცინო კომპანია Stevanato Group-ის პრეზიდენტია. აღნიშნული კომპანია მსოფლიოში მინის ფლაკონების სიდიდით მეორე მწარმოებელია. ის კორონავირუსის ვაქცინების მწარმოებელთათვის ფლაკონების წამყვანი მიმწოდებელია. კომპანია 1949 წელს ვენეციასთან ახლოს სერჯიოს მამამ ჯოვანიმ შექმნა. ამჟამად კომპანიას სერჯიოს შვილები – ფრანკო და მარკო მართავენ.
რობერტ ლანგერი
ქონება: $1.5 მილიარდი
მოქალაქეობა: აშშ
ქონების წყარო: Moderna
ლანგერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია ქიმიურ ინჟინერიაში. ის Moderna-ს ერთ-ერთ დამფუძნებელი ინვესტორია. ის კომპანიაში 3%-ს ფლობს, რაც $1.5 მილიარდის ტოლფასია. მას 2010 წლიდან დღემდე არცერთი აქცია არ გაუყიდია.
პრემჩანდ გოდჰა
ქონება: $1.4 მილიარდი
მოქალაქეობა: ინდოეთი
ქონების წყარო: ფარმაცია
გოდჰამ რამდენიმე ათეული წლის წინ შეისყიდა მუმბაიში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია Ipca Labs ბოლივუდელ სუპერვარსკვავ ამიტაბჰ ბაჩჩანის ოჯახთან პარტნიორობით. კომპანიის აქციები წელს თითქმის გაორმაგდა იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა მოთხოვნა ანტივირუსულ პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქვინზე, როგორც კორონავირუსის სამკურნალო საშუალებაზე.
აუგუსტ ტრონდლი
ქონება: $1.3 მილიარდი
მოქალაქეობა: აშშ
ქონების წყარო: ფარმაცევტული სერვისები
ტრონდლი ცინცინატში დაფუძნებული კომპანია Medpace-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული Medpace მუშაობს იმ ფარმაცევტული კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მედიკამენტების შექმნაზე მუშაობენ. კომპანია 2016 წელს დაილისტა საფონდო ბირჟაზე. აღნიშნულ კომპანიაში ტრონდლი 21%-ს ფლობს, რაც $1.3 მილიარდის ტოლფასია.
bm.ge
კომენტარები