აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები მისთვის ალტერნატიული ონლაინ ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავენ იმ დღეს, როდესაც ჯო ბაიდენი ფიცს დადებს.
ღონისძიების Facebook-გვერდზე აღნიშნულია, რომ ონლაინ ინაუგურაცია 20 იანვარს, შუადღით გაიმართება (აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით). აღწერილობაში კი ნათქვამია, რომ ღონისძიებას ტრამპის მხარდამჭერი 325 ათასი ადამიანი მართავს, რომლებიც არცერთ ფორმალურ ორგანიზაციასთან არ არიან კავშირში.
ცერემონიაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 62 ათასმა კაცმა.აღსანიშნავია, რომ Facebook-მა გვერდი მონიშნა შეხსენებით, რომ „3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა“.
დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება 14 დეკემბერს გამართულმა ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრამ დაადასტურა, რა დროსაც მას 538-დან 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს – 232. მიუხედავად ამისა, მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.
კომენტარები