ალბერტ ბურლა: ადამიანი, რომელიც მსოფლიოს გადაარჩენს, წარმოშობით თესალონიკიდანაა
ალბერტ ბურლა ბერძენი ბიზნესმენია, სპეციალობით ვეტერინარი, ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და ჰყავს 95 000 თანამშრომელი.
იგი თესალონიკში დაიბადა 1961 წელს, ებრაულ ოჯახში, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. ალბერტ ბურლა სწავლობდა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, ვეტერინარულ მედიცინის ფაკულტეტზე, ასევე თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია რეპროდუქციული ბიოტექნოლოგიის მიმართულებით.
1993 წელს მან მუშაობა დაიწყო Pfizer Hellas-ში, ათენში, სადაც კომპანიას ახალგახსნილი ოფისები ჰქონდა. მომდევნო წლებში მისმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო, 30 წლის განმავლობაში ალბერტ ბურლა ზედამხედველობას უწევდა კომპანიის პრეპარატების შექმნას, წარმოებას, გაყიდვას და სტრატეგიას. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ადიოდა ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის ადმინისტრაციული პირამიდის ზედა საფეხურებზე და ბოლოს გენერალური დირექტორის თანამდებობას მიაღწია.
ამჟამად ალბერტ ბურლა ნიუ-იორკში ცხოვრობს და ყოველ ზაფხულს დასასვენებლად და დღესასწაულებზე საბერძნეთში ჩადის, ძირითადად, ქალკიდიკში, სადაც მას სახლი აქვს.
2020 წლის ზაფხულში მას თესალონიკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
„ვმუშაობდი 5 კონტინენტზე, ვცხოვრობდი 8 ქალაქში და ვმუშაობდი ადამიანებთან მთელ მსოფლიოში, – ამბობს იგი, – მაგრამ არასდროს დამავიწყდება, საიდან დავიწყე“.
2020 წელს ბურლამ Pfizer-ის მიერ კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების მკაცრი გრაფიკი მოითხოვა. მან მიიღო შესაძლო ვაქცინის დამუშავების გადაწყვეტილება, რაც ძალიან დიდი რისკი იყო, რადგან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას ვაქცინა არ დაუმტკიცებია, თუმცა ამ ზაფხულს კომპანია Pfizer-ი, BioNTech-თან თანამშრომლობით, ვაქცინის საუკეთესო მწარმოებლებს შორის აღმოჩნდა.
ბურლამ განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, ჯანდაცვის ოფიციალური ორგანოების მიერ დამტკიცების შემდეგ, უახლოეს საათებში დაიწყოს დაიწყოს ვაქცინის დოზების გავრცელება.
„სინათლე რეალურია – გვირაბის ბოლოს სინათლეა! მჯერა, რომ 2021 წლის მეორე ნახევარი ბევრი ჩვენგანისთვის განსხვავებული გამოცდილება იქნება“, – ამბობს იგი.
ალბერტ ბურლას რჩევა კი ასეთია: „სამყარო შეიძლება გახდეს შენი, თუ დღეს საკუთარ საქმიანობაზე მთლიანად იქნები კონცენტრირებული, რათა ხვალინდელი დღის ოცნებები რეალობად აქციო. ზომიერება [საქმეში] შენს მტრად გაიხადე“.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები