თავდამსხმელმა 9 ადამიანი მძევლად აიყვანა თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
თბილისში, წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთლის“ სიახლოვეს სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიში“ შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. მას 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ტერიტორია მეტროსადგურ „წერეთლიდან“ (სადაც პოლიციის შენობაა) დინამოს სტადიონამდე დაკეტილია.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიმ“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მოქმედებს სამართალდამცველების მითითების შესაბამისად და ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს. „თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება „ემბისის“ უპირველესი ამოცანაა“, – ნათქვამია გაცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, რას ითხოვს თავდამსხმელი.
მიმდინარეობს გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.
„პირველი არხის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, იმ ათსართულიანი კორპუსიდან, რომლის ქვეშაც მდებარეობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარები