ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დახვდნენ.
თვალი ადევნეთ რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერს:
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 18 ნოემბერს მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები თავდაცვის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში.
მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისში მდუმარე აქციას გამართავენ. ერთი მხრივ, ისინი მიესალმებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, მეორე მხრივ, „ცოცხალი ჯაჭვით“ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გააპროტესტებენ.
საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთსა და თურქეთს ეწვია. თბილისიდან ის ისრაელში გაემგზავრება, შემდეგ კი ტურნეს გააგრძელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, ყატარსა და საუდის არაბეთში.
კომენტარები