fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

„პოლიტექნიოს“ 47-ე წლისთავი – ათენის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

ათენში დღეს, 17 ნოემბერს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. მოქალაქეები სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ ათენის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების აჯანყების 47-ე წლისთავის აღნიშვნას ცდილობდნენ. მოვლენები დაახლოებით 14:00 საათისთვის განვითარდა.

გასულ პარასკევს საბერძნეთის პოლიციამ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, აკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები 3 კაცზე მეტის ოდენობით პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოვლენების წლისთავის აღნიშვნის მიზნით.

გადაწყვეტილება პარტია MERA25-მა (ლიდერი – იანის ვარუფაკისი) სახელმწიფო საბჭოში (საბერძნეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო) გაასაჩივრა, რომელმაც გუშინ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს. „სკაის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავის ქალის ტრავმა მიიღო.

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებმა პოლიცია ცრემლსადენი გაზისა და ელექტროშოკის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

ამ თარიღის ისტორია ასეთია: 

1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება სამხედრო ხუნტის („შავი პოლკოვნიკები“) ხელში აღმოჩნდა. ხუნტამ გააუქმა არჩევნები, დააწესა ცენზურა, დაშალა პოლიტიკური პარტიები და დააპატიმრა სამოქალაქო აქტივისტები.

დიქტატურის წინააღმდეგ ბერძნული საზოგადოების ბრძოლის ავანგარდში სტუდენტები აღმოჩნდნენ. 1973 წლის 14 ნოემბერს ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლო დაწესებულების მთავარი ჭიშკარი ჩაკეტეს და უნივერსიტეტის თავისუფალი რადიოსადგურის მუშაობის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. 14-იდან 17 ნოემბრამდე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

17 ნოემბერს, გამთენიისას უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან, პატისიონის ქუჩაზე სამხედროები და რამდენიმე ტანკი გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა ტანკმა უნივერსიტეტის მთავარი ჭიშკარი შეანგრია, რის შემდეგაც სტუდენტებსა და პოლიციას შორის ფართომასშტაბიანი შეტაკება დაიწყო. დაახლოებით ერთ საათში სასწავლო დაწესებულება ძალოვანმა სტრუქტურებმა მთლიანად დაიკავეს და რადიომაუწყებლობა შეწყვიტეს.

17 ნოემბრის მოვლენები მსხვერპლით დასრულდა, თუმცა დღემდე არაა ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა, სულ 24 ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთში დიქტატორული რეჟიმი 1974 წელს დაემხო. ამის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობა, რომელიც, ტრადიციულად, რადიკალური მემარცხენე შეხედულებებით გამოირჩევა, მუდმივად აღნიშნავს ამ ტრაგიკულ თარიღს. 17 ნოემბრის ყოველი წლისთავი, როგორც წესი, არეულობაში გადაიზრდება ხოლმე. ზოგჯერ არეულობის მასშტაბები ძალიან დიდია და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარე შენობებსა და პარკირებულ ავტომობილებს სერიოზული ზიანი ადგება.

1973 წლის 17 ნოემბერს, დილით უნივერსიტეტის ჭიშკრის ტანკით შენგრევის დოკუმენტური კადრები:

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close