ვის და რატომ მოუხადა ბოდიში კახა კალაძემ
12 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრა „დინამო არენაზე“, ეპიდვითარების გამო, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა, თუმცა კადრებში ჩანდა, რომ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად.
თბილისის მერის ტიბუნებზე გამოჩენამ გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია,რადგან მთავრობის გადაწყვეტილების გამო გუშინდელ მატჩს ვერ დაესწრნენ და მათი ნაწილი მოედნის გარედან გულშემატკივრობდა გუნდს.
თბილისის მერი Facebook-ით გავრცელებულ პოსტში ბოდიშს იხდის საფეხბურთო მატჩზე საკუთარ შვილთან ერთად დასწრების გამო, თუმცა ამბობს,რომ UEFA-ს დელეგაციამ და ფეხბურთის ფედერაციამ , სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად, მიიწვია სტადიონზე და ჰქონდა 3-ადგილიანი საშვი.
როგორც კალაძე განმარტავს, გუშინ დინამოს სტადიონზე მისული იყო მისი განვლილი ცხოვრებიდან, საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა, როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.
„რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა განვმარტო, რომ მე იქ ვიყავი UEFA-ს დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, „ჩინოვნიკობა“, ან რამე უკანონო ქმედება. უეფა-სგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა. უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.
აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი, პრაქტიკულად, ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე. ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე, სამწუხაროდ, ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის“, – წერს კახა კალაძე.
ასევე, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გუშინ, მატჩის დროს, ახალი რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს დაეხმაროს.
„გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა.
გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა.
გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.
გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.
ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას იმსახურებს და, ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.
ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას“, – წერს კახა კალაძე.
კომენტარები