იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
„წითელი“, „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი ზონების“ განახლებული რუკა
კოვიდ-19-ის პანდემიის საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან თითქმის 11 თვის შემდეგ იტალიაში ახალი ტიპის კორონვირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა – გასულ 24 საათში 32 261 ახალი შემთხვევის გამოვლენის შედეგად ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1 028 424-ს მიაღწია (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით). ჩატარდა 225 640 ტესტი (8000-ით მეტი, ვიდრე გუშინ) და მათგან კოვიდინფიცირება 14,6%-ში დადასტურდა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
გასულ ერთ დღეში კორონავირუსმა 623 ადამიანი იმსხვერპლა (მთლიანობაში – 42 953); ინტენსიური თერაპიის პაციენტების რიცხვი 110-ით გაიზარდა და 3081-ს შეადგენს.
ექიმები და ექთნები შეშფოთებულები არიან, მათი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში საავადმყოფოები კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებიან პერსონალის და ადგილების უკმარისობის გამო. მათი განცხადებით, სიტუაცია დრამატულია.
როგორც ცნობილია, 11 ნოემბრიდან იტალიის ფერადი ზონების რუკა შეიცვალა – განახლებული რუკა ასე გამოიყურება.
მიმდინარეობს სხვა რეგიონების მონაცემების შეფასება და ახალი ცვლილებები და გადაწყვეტილებები, თუ კიდევ რომელი ტერიტორიები გადავა „წითელ“ ან „ნარინჯისფერ ზონაში“, პარასკევს, 13 ნოემბერს გახდება ცნობილი. ერთ-ერთი კანდიდატი „ყვითელი ზონიდან“ „ნარინჯისფერში“ ან „წითელში“ გადასასვლელად ნეაპოლია (კამპანია), სადაც ბოლო დღეებში ჯანდაცვის მხრივ რთული სიტუაცია შეიქმნა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები