პოლიტიკასაბერძნეთი

ახალი შეზღუდვები საბერძნეთში: პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა (ვიდეო)

„ნიღაბი არის ვაქცინა ვაქცინის შექმნამდე“ - მიცოტაკისი

საბერძნეთში დღეს ახალი რეკორდი დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის თვალსაზრისით. ბოლო 24 საათში დადასტურებული 882 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა – 290 ატიკის ოლქში გამოვლინდა, ხოლო 188 – თესალონიკში.

დღეს საღამოს ქვეყნის მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მიმართა. პრემიერის გადაწყვეტილებით, იმ რეგიონებში, სადაც საფრთხის მესამე დონე არსებობს, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

ასეთ რეგიონებს მიეკუთვნებიან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ატიკისა და თესალონიკის მხარეები, სადაც 24 ოქტომბრის დილის 6 საათიდან იკრძალება ყოველგვარი გადაადგილება ღამის საათებში: შუაღამის პირველის ნახევრიდან დილის 5 საათამდე. ასევე, სავალდებულო ხდება ნიღბის ტარება ყველგან, მათ შორის, ღია სივრცეებში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კარგადაა მომზადებული ეპიდემიისთვის: გაზრდილია როგორც ინტენსიური თერაპიის საწოლების, ისე სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექიმებისა და ექთნების რაოდენობა.

მიუხედავად ამისა, მიცოტაკისის თქმით, ეს სიმშვიდის საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან „ეპიდემიის მეორე ტალღა უფრო მრისხანეა“.

პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემოღება იმ გარემოებით ახსნა, რომ მეორე ტალღის დროს, ძირითადად, ახალგაზრდები ავადდებიან, რომელთაც შეუძლიათ ვირუსი უფრო მოწყვლად ჯგუფებს გადასდონ და საფრთხეში ჩააგდონ მათი სიცოცხლე.

„ნიღაბი არის ვაქცინა ვაქცინის შექმნამდე“, – განაცხადა მიცოტაკისმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ გაიზრდება კონტროლი და წესების დამრღვევნი მკაცრად დაისჯებიან.

გამოსვლის ბოლოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი წლისთვის ვაქცინა მზად იქნება და ასეთ შემთხვევაში საბერძნეთი მას ერთ-ერთი პირველი მიიღებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close