ისტორიასაქართველო

„სიყვარულის ლურჯი ფრინველი“ ანუ ჩინეთში დაბადებული ქართველი ლამაზმანისა და 34 წლით უფროსი რუსი მომღერლის სიყვარულის ისტორია

მსახიობი და მხატვარი ლიდია  წირღვავა 1923 წლის 14 აპრილს დაიბადა ჩინეთში, ქალაქ ხარბინში. 20-იანი წლების ხარბინში უამრავი ემიგრანტი ცხოვრობდა რუსეთის იმპერიიდან, ბევრი რუსული რესტორანიც არსებობდა, რუსულენოვანი გაზეთებიც გამოიცემოდა და რუსული სკოლებიც იყო გახსნილი. გოგონას მამა, ვლადიმერ წირღვავა ჩინეთი-აღმოსავლეთის რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა. ლიდიას დედა – ლიდია პავლეს ასული ფომინა რუსი იყო.

ოჯახში რუსულად საუბრობდნენ, თუმცა პატარა ლიდია კვირაობით ხარბინის ქართველთა საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში დადიოდა, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაეარსებინა თავად წულუკიძეს, რათა ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს ენა და ტრადიციები შეენარჩუნებინათ.

ყოველი წლის 27 იანვარს ხარბინის ქართველობა ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს საპატივსაცემოდ საზეიმო მეჯლისს აწყობდა ხოლმე. 1933 წელს დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს ხალისიანი განწყობა სამწუხარო ამბავმა სევდით შეუცვალა – იმ დღეს ვლადიმერ წირღვავა გარდაიცვალა.

მამის  გარდაცვალების შემდეგ ლიდია და დედამისი საცხოვრებლად შანხაიში გადავიდნენ, ქალაქში, სადაც ოჯახის მეგობრები სახლობდნენ. ლიდიამ ჯერ კერძო პანსიონი, მერე კი სკოლაც დაამთავრა და სანაოსნო კომპანიაში დაიწყო მდივნად მუშაობა. ქალბატონი ფომინა ოცნებობდა, ქალიშვილი მასზე შეყვარებული მრავალრიცხოვან კაპიტანთაგან ერთ-ერთისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად განსაჯა.

1942 წელს, ერთ საღამოს ლიდია მეგობრებთან ერთად ეწვია ღამის კლუბ „რენესანსს“, სადაც ცნობილი მომღერალი და შანსონიე, ემიგრაციაში მყოფი ალექსანდრე ვერტინსკი გამოდიოდა. კონცერტის შემდეგ მათ ერთმანეთი გაიცნეს. მაშინ ვერტინსკი 53 წლის იყო, ლიდია კი – 19-ის. სულ ერთი წელი იყვნენ დანიშნულები. მათი რომანი, ძირითადად, წერილებით შემოიფარგლებოდა. გასტროლებზე მყოფი ვერტინსკი სატრფოს წერდა ხოლმე: „მე თქვენ გაღმერთებთ, ჩემო პატარა ქართველო ქალბატონო! გაღმერთებთ, მიუხედავად ქართული საზოგადოებისა და თქვენი ახლობლების აკრძალვებისა!“

ქალბატონი ლიდია ფომინა მართლაც წინააღმდეგი იყო ქალიშვილისა და ცნობილი მომღერლის ურთიერთობის. მას აშფოთებდა უზარმაზარი სხვაობა წყვილის ასაკში, მაგრამ 1942 წლის 26 აპრილს შანხაის მართლმადიდებლურ ტაძარში ჯვრისწერა მაინც შედგა.

ოფიციალური ქორწინება ლიდია წირღვავასა და ალექსანდრე ვერტინსკის შორის ტოკიოში, საბჭოთა კავშირის საელჩოში დარეგისტრირდა, ვინაიდან შანხაიში მხოლოდ საკონსულო არსებობდა. ერთი წლის შემდეგ ვერტინსკის მრავალრიცხოვანი თხოვნა სამშობლოში დაბრუნების უფლებაზე, როგორც იქნა, შეისმინეს და ახალგაზრდა ოჯახმა, რომელშიც უკვე დაბადებულიყო გოგონა – მარიანა, 1943 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის საზღვარი გადმოლახა.

ვერტინსკები მოსკოვში დასახლდნენ და როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს სანახავად გამოემგზავრნენ. ლიდია წირღვავა ამას ასე იხსენებდა: „1944 წელს ვერტინსკიმ მთელი ოჯახი საქართველოში წაგვიყვანა, რათა მამის სამშობლოში ცხოვრების საშუალება მოეცა. გამაოგნებელი სილამაზის თბილისში უსაშველო სიცხე იდგა. მე კი მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და ქალაქის სასტუმროში ცხოვრება, ხვატის გამო, შეუძლებელი იყო. გავიკითხეთ, სად სჯობდა ზაფხულის გატარება და ბორჯომი გვირჩიეს… ბორჯომში ორი თვე დავყავით და იქვე აღვნიშნეთ ჩვენი გოგონას, მაშენკას – ბიბის პირველი დაბადების დღე. ბორჯომი შესანიშნავი კლიმატის, ზღაპრული სილამაზის კურორტია. დავდიოდით ცნობილი სამკურნალო წყლის დასალევად, სადაც ბევრი ჯარისკაცი გვხვდებოდა. ისინი იქ ჰოსპიტალებიდან გამოწერის შემდეგ ჩამოსულიყვნენ ჭრილობების მოსაშუშებლად. ჯარისკაცებს ძალიან შეუყვარდათ ჩვენი მაშენკა, ეთამაშებოდნენ ხოლმე, ეტყობა, საკუთარი სახლი და მონატრებული შვილები ახსენდებოდათ“.

საქართველო ყოველთვის თბილად ხვდებოდა ვერტინსკის და ისიც ხშირად ჩამოდიოდა აქ გასტროლებზე. ალექსანდრ ნიკოლაევიჩი აუცილებლად სწერდა ხოლმე მეუღლეს ყველა მოგზაურობის შესახებ.

1944 წელს მოსკოვში, ვერტინსკების ოჯახში მეორე ქალიშვილი, ანასტასია დაიბადა. 1950-იან წლებში ლიდია ვერტინსკაიას ხშირად იღებდნენ ფილმებში – მასაც და ვერტინსკისაც. ალექსანდრ ნიკოლაევიჩს ფილმ „განწირულთა შეთქმულებაში“ შესრულებული როლისთვის სტალინური პრემიაც კი მიენიჭა. ეს ერთადერთი ოფიციალური ჯილდო იყო მის ცხოვრებაში. ლიდია წირღვავა კი პუშკინის ზღაპრის მოტივებზე გადაღებულ რეჟისორ პტუშკოს კინოზღაპარში განსახიერებულმა ფენიქსის როლმა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.

წარმატებული გასტროლებისა და კინოკარიერის მიუხედავად საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მწირი ანაზღაურების გამო ვერტინსკების ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა. ალექსანდრე ვერტინსკი მშვენივრად ხვდებოდა, რომ ლიდიას ცხოვრების ბოლომდე ვერ გაჰყვებოდა და მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება დაიწყო. მან მეუღლე დაარწმუნა, პროფესია გჭირდებაო და სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში ჩაბარება ურჩია. ლიდიამ სასწავლებელი 1955 წელს დაამთავრა.

ალექსანდრე ვერტინსკი1957 წელს,  ლენინგრადში გასტროლების დროს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდა იყო, ლიდია აღარასოდეს გათხოვილა. მან მთელი ცხოვრება გოგონების აღზრდასა და გარდაცვლილი ქმრის სახელის უკვდავყოფას შეალია. მისი მცდელობით გამოვიდა კრებული „გრძელი გზა“, რომელშიც ალექსანდრე ვერტინსკის ლექსები, წერილები და დღიურებია შესული. მათ უკვდავ სიყვარულზე კი ლიდია ვერტინსკაიამ მოგვითხრო მეუღლისთვის მიძღვნილ მოგონებების წიგნში „სიყვარულის ლურჯი ფრინველი“.

ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია 2013 წლის 31 დეკემბერს მოსკოვში გარდაიცვალა.

ალექსანდრესა და ლიდიას ქალიშვილები, მარიანა და ანასტასია ვერტინსკები მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზი რუსი მსახიობების რეიტინგში შედიან და რუსული კინოსა და თეატრის კაშკაშა ვარსკვლავები არიან.

 

kartuli.kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close