იტალიაკრიმინალიმიგრაცია

ვერონაში ემიგრანტი მშობლების მიერ ქუჩაში დატოვებული 3 თვის ჩვილი გადაარჩინეს

„სამი თვის ჩვილი, რომელიც ვერონაში ქუჩაში დატოვეს, პოლიციელებმა გადაარჩინეს. მათ ველოსიპედით გამვლელმა მამაკაცმა შეატყობინა, რომლის ყურადღებაც ბავშვის ტირილის ხმამ მიიპყრო. ბავშვი კარგადაა, თუმცა საავადმყოფოშია მეთვალყურეობის ქვეშ“, – დაწერა დღეს ტვიტერში იტალიის პარტია „ლიგის“ ლიდერმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ და ჩვილის და პოლიციელების ფოტოც გამოაქვეყნა.

შემთხვევა 15 ოქტომბერს მოხდა ვერონაში. ბავშვი დაახლოებით შუაღამისას დატოვეს ერთ-ერთ ქუჩაზე – via Chioda-ზე. ჩვილის სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსი იყო, როდესაც იგი სასწრაფო დახმარების მანქანით ბორგოს დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში შეიყვანეს. კარაბინერებმა ბავშვის მშობლების ვინაობა მალევე გაარკვიეს და ისინი იპოვეს. ამის შესახებ „ანსა“ წერს. მშობლები აღმოჩნდნენ რუმინელი ემიგრანტები, 30 წლის მამა და 34 წლის დედა, რომლებიც დაახლოებით ერთი წელია, რაც იტალიაში იმყოფებიან.

გამოცემის ინფორმაციით, პატარა მათი პირველი შვილია, ის 2020 წლის ივლისში დაიბადა. წყვილი ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, თავიდან მათ ნაცნობი ეხმარებოდათ. რუმინელ წყვილს ბავშვის დატოვებისკენ, სავარაუდოდ, მძიმე და გამოუვალმა მდგომარეობამ უბიძგა.

ჩვილის მშობლების იდენტიფიცირება და პოვნა მათივე თანამემამულის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც პოლიციას შეატყობინა.

კარაბინერებმა, რომლებმაც ბიჭუნა გადაარჩინეს, მას „ზენო“ დაარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები იპოვეს, პატარას გააშვილებენ – ვერონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურები უზრუნველყოფენ ბავშვის დაბინავებას. მედიის ინფორმაციით, უკვე შესულია მსურველთა ათობით განაცხადი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close