მსოფლიოპოლიტიკა

ომი ყარაბაღში: საომარი სიტუაციის მიმოხილვა

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო ახალი ომი ყარაბაღისათვის. აზერბაიჯანი ცდილობს დაიბრუნოს კონტროლი რეგიონზე, რომელიც 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით სომხების ხელში აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღის პირველი ომის შედეგად სომხებმა არა მარტო მთიანი ყარაბაღის კონტროლი შეინარჩუნეს, არამედ დაიკავეს აზერბაიჯანელებით დასახლებული 7 რეგიონი ავტონომიური ოლქის სამხრეთით, ჩრდილოეთითა და დასავლეთით. შედეგად, 1 მილიონი აზერბაიჯანელი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად იქცა.

ამჟამად აზერბაიჯანი ახორციელებს სამხედრო ოპერაციას სამი მიმართულებით: მუროვდაღის, ტალიშის და ჰადრუტის ფრონტებზე.

ჩრდილო-აღმოსავლეთით გახსნილია ე.წ. ტალიშის ფრონტი. აქ აზერბაიჯანი ცდილობს კონტროლი დააწესოს სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელ ორიდან ერთ-ერთ, ჩრდილოეთის გზაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დამხმარე ფრონტი გაიხსნა ჩრდილო-დასავლეთით მთა მუროვდაღის მიდამოებიდან. მუროვდაღიდან მიმდინარე საარტილერიო დაბომბვები აფერხებს სომხეთიდან ყარაბაღის იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგებას და აადვილებს აზერბაიჯანის ჯარის წინსვლას ტალიშის ფრონტზე. მუროვდაღისა და ტალიშის ფრონტებზე წარმატება აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს შეზღუდოს სომხეთიდან ყარაბაღის მომარაგება და დაემუქროს ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტს. აღნიშნულ ფრონტებზე აზერბაიჯანმა დღემდე შეზღუდულ წარმატებას მიაღწია: დაიკავეს დასახლებული პუნქტები ტალიში და მატაღისი, ასევე, მატაღისთან მდებარე ჰიდროელექტროსადგური.

მესამე, ჰადრუტის ფრონტზე აზერბაიჯანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დაიკავეს ქალაქები: ჯებრაილი, ჰადრუტი და, ბოლო ინფორმაციით, ფუზული. ამით აზერბაიჯანს პირდაპირი გზა ეხსნება ქალაქ შუშას მიმართულებით. შუშა სტეპანაკერტთან ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელ მეორე გზაზე მდებარეობს.

ყარაბაღის ომის მიმდინარეობას თუკი შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანმა სტრატეგიულად სწორად შეარჩია შეტევის მიმართულება და მნიშვნელოვნად წაიწია წინ. ამჟამად საკითხავია, თუ არსებობს სომხების თავდაცვის მეორე ხაზი და აქვს თუ არა მათ საკმარისი სამხედრო ტექნიკა, რათა თავი დაიცვან. ვფიქრობთ, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close