იტალიის მთავრობის მიერ მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დღეიდან, 14 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში და ერთი თვის განმავლობაში, 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
ახალ პაკეტში რეკომენდაციის სახით (დაბეჯითებითი რეკომენდაციის/fortemente raccomandato) მოცემულია ოჯახური წვეულებებისგან თავის შეკავება, თუ აუცილებელია, მაშინ მთავრობა ურჩევს მოქალაქეებს, არ მიიწვიონ 6 ადამიანზე მეტი (მათ გარდა, ვინც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს), აგრეთვე, რეკომენდებულია მიწვეულმა სტუმრებმა მასპინძელ ოჯახში ყოფნის დროსაც ატარონ პირბადე.
რაც შეეხება სამოქალაქო ან რელიგიურ ცერემონიებს, მაგ., ქორწილს, ისინი ისევ დაშვებულია, თუმცა ცერემონიის შემდეგ გამართულ წვეულებაზე არ უნდა იყოს 30 კაცზე მეტი.
ახალი პაკეტის თანახმად, იხურება საცეკვაო მოედნები და დისკოთეკები, თუმცა ბაზრობები ღია ცის ქვეშ ისევ ნებადართულია.
ბარები, რესტორნები, საკონდიტროები, კაფე-სანაყინეები, პაბები 24:00 საათზე დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მაგიდებთან ემსახურებიან კლიენტებს (არსებული პროტოკოლის დაცვით), ხოლო 21:00 საათზე დაიკეტება საზოგადოებრივი კვების ის დაწესებულებები, რომლებიც საკვებს და სასმელს გატანით ყიდიან ისე, რომ მაგიდასთან მომსახურების საშუალება არ გააჩნიათ.
იყო საუბარი, რომ უფროსკლასელები ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყვნენ, თუმცა განათლების მინისტრი ლუჩია აძოლინა ამ შეზღუდვის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. ამჟამად მოსწავლეები ისევ სკოლის მერხებთან აგრძელებენ სწავლას.
კოვიდის საწინააღმდეგო ახალი Dpcm გულისხმობს მოყვარულთა დონეზე ნებისმიერი კონტაქტური სპორტის სახეობით დაკავების, აგრეთვე, სასკოლო ექსკურსიების აკრძალვას. ყველა დანარჩენი სპორტის სახეობის შემთხვევაში შენარჩუნდა უკვე არსებული შეზღუდვები: მაყურებელი ტრიბუნებზე შეიძლება იყოს იმ რაოდენობის 15%, რაც არენაზე ეტევა, თუმცა არაუმეტეს 200 ადამიანისა – დახურულ შენობაში და 1000 ადამიანისა – ღია ცის ქვეშ მდებარე არენაზე. ყველა მათგანმა უნდა დაიცვას სანიტარიული უსაფრთხოების ზომები და დისტანცია.
ასეთივე შეზღუდვა არსებობს კინოთეატრებისა და საკონცერტო წარმოდგენებისთვის: არაუმეტეს 200 ადამიანისა – დახურულ შენობებში და მაქსიმუმ 1000 ადამიანი – ღია ცის ქვეშ მდებარე არენებზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ერთი მეტრის დისტანცია სკამებს შორის.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას: იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს 13 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში 5901-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის 28 მარტის შემდეგ. ამ დროისთვის ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, 365 467-ს აღწევს. გაიზარდა მსხვერპლთა დღიური მაჩვენებელი: ბოლო ერთ დღეში 41 ადამიანი გარდაიცვალა (წინა დღეს – 39) კოვიდ-19-ით, სულ გარდაცვლილია 36 246 პაციენტი.
ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 87 193-ს უდრის, რაც 4429-ით მეტია, ვიდრე წინა დღით.
აღსანიშნავია, რომ გაცილებით ნელა იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა, რასაც ექიმები უკავშირებენ იმას, რომ ახალი ინფიცირებულები, უმეტესად, ახალგაზრდები ან საშუალო ასაკის ადამიანები არიან.
იტალიაში სკოლები, ტრანსპორტი და საწარმოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, ამასთან, სავალდებულოა ნიღბის ტარება ყველა საზოგადოებრივ ადგილას (როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში), გამონაკლისის გარეშე, და სანიტარიული დისტანციის დაცვა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები