კრიმინალისაქართველო

დავით ხიდაშელმა გარეჯთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შესახებ მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე ისაუბრა

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც საქართველოს გარეჯის საზღვრის შესახებ მის მიერ მოპოვებულ დოკუმენტები გადასცა, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ მოიძია კარტოგრაფიული მასალა და რატომ დაიწყო ამ თემაზე მუშაობა.

მისი თქმით, რუკების მოძიებაზე მუშაობა 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის თხოვნით დაიწყო, რადგან მან დაურეკა და უთხრა, რომ დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა.

ამასთან, ხიდაშელი განმარტავს, რომ ზოგადად რუკებთან დაკავშირებით 2000 წლიდან მუშაობს შვეიცარიაში და 100 000-ზე მეტი რუკა აქვს მოპოვებული.

„1993 წელს, შვეიცარიაში რომ მოვხვდი, ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგზაო მოძრაობის დარგში. 2000 წელს შვეიცარიაში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია 44 გეოფიზიკური ინსტიტუტის მიერ, მიწისძვრების რისკისა და კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სისტემისთვის ვაგროვებდით რუკებს, შეგროვებული მაქვს 100 000-ზე მეტი რუკა“, – აღნიშნა დავით ხიდაშელმა.

რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც ხიდაშელი ამბობს, მოპოვებული აქვს რუკები, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს შემადგენლობაში რჩება.

„საზავო ხელშეკრულებას, რომელსაც აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წელს მოეწერა ხელი, მოჰყვება რუკაც. ამ რუკაზე პირველად აღმოვაჩინე, რომ საქართველოს საზღვარი გადის მდინარე მტკვრის კალაპოტთან, აქ არის ჯანდარის ტბა, დავით გარეჯის მონასტერი კი არის 30 კილომეტრში ამ საზღვრიდან. 1925 წელსაც გამოსცეს მეორე რუკა, აქაც დავით გარეჯთან საზღვარი ჩადის ქვევით, მთის ძირში და დავით გარეჯი მაინც რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. შემდეგ რუკები შეიქმნა 1930 და 1931 წლებში. ეს რუკები ყველა საქართველოში მოვიპოვე. ვინც რუკებით არის დაინტერესებული, უნდა იცოდეს, სად ეძებოს. ვეძებდი ბუკინისტურ, ანტიკვარულ მაღაზიებში, წიგნების მაღაზიებში“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ საქართველოს არქივში აღმოჩნდა საბუთი, რომლის მიხედვითაც, შსს-ს კომისარიატი აზერბაიჯანის ცენტრალურ კომიტეტს სწერს: „შსს-მ გაარკვია, რომ რესპუბლიკებს შორის რუკები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ თუ შეიძლება, 5 მარტს, 12:00 საათზე ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები ჩამობრძანდით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს დავალებული საზღვრების გავლება, გავიაროთ და გავარკვიოთ საზღვარი“.

„1938 წლის 5 მარტს თბილისში შეიკრიბნენ ჯგუფის წევრები – საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა აზერბაიჯანის, საბჭოთა სომხეთის წარმომადგენლები, ასევე ჯგუფში შევიდა ორი კარტოგრაფიული ინსტიტუტის წარმომადგენელი. ორდღიანი მუშაობის შედეგად, საზღვრის ხაზი გაავლეს. ამ შეთანხმებას თან აქვს დართული 1:500000 მასშტაბის რუკა. 1938 წლის კიდევ ერთ რუკაზე საზღვარი უდაბნოს მთის ქვემოთ გადის. ეს რუკა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის არქივში აღმოვაჩინე. მასალები დართულია ამ საბუთებზე და წერია, რომ 500 000-იანი მასშტაბის რუკაზე ხელი მოაწერეს და გადასცეს დასამტკიცებლად. მე დღესდღეობით ეს რუკა არ მინახავს. არსებობს ქაღალდი და არის მითითებული, რის საფუძველზე გააკეთეს, დავიწყე მოძიება. საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის არქივში ვიპოვეთ მეორე რუკა, 1938 წლით დათარიღებული, სადაც ადმინისტრაციული საზღვრები მოცემულია 1938 წლის პირველი ივნისისთვის. მთის ძირში გადის ზუსტად ეს საზღვარი. 1938-1939 წლებში რომ გამოსცეს, 1941 წელს დაიწყო ომი, მანამდე, 1938 წელს არსებობდა მხოლოდ 200 000-იანი მასშტაბის და 500 000-იანი მასშტაბის რუკა“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

ამასთან, დავით ხიდაშელის თქმით, ქართულ მხარეს 50-მდე დოკუმენტი გადასცა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან იყო დაკავშირებული. მათ შორის, არის „როსრეესტრში“ მოძიებული რუკაც, სადაც საზღვარი გადის ქედის ქვემოთ. რუკებს შორის განსხვავების დადგენა, როგორც ხიდაშელი ამბობს, „როსრეესტრის“ კარტოგრაფიის სამსახურს სთხოვა.

„160 მილიონი კვადრატული მეტრია განსხვავება 1938 წელს გამოშვებულ და დამტკიცებულ რუკასა და 1991 წლის მონაცემებს შორის, რომლითაც შეუთანხმებლად სარგებლობდნენ აზერბაიჯანელებიც და ქართველებიც“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მოძიებულია 1951 წელს ამერიკაში გამოცემული რუკა, რომელშიც მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთის ძირში. 1978 წელს გამოცემულ ამერიკულ რუკაზეც, რომელიც მფრინავებისთვის არის მომზადებული, საზღვარი გადის მთის ძირში. ხიდაშელის თქმით, მითითებულია, რომ ისინი გერმანული და რუსული რუკების მიხედვით არის მომზადებული.

მისივე თქმით, დაამზადა აღმოჩენილი რუკების 12 ეგზემპლარი და სხვადასხვა უწყებას გაუგზავნა, ჩვენება მისცა პროკურატურასაც.

„ვთხოვე, გაეკეთებინათ 12 ასლი, ვინაიდან ამ საბუთების ქექვაში დავადგინეთ, რომ საქართველოში რუკები რაღაცნაირად, ვირტუალურად ქრება და ვერ პოულობენ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

წყარო: 1tv.ge

P. S. info:

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებაში.

8 ოქტომბერს ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

დაკავებულები – საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დანაშაულს არ აღიარებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close