იტალიასაზოგადოება

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4458 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

„მატება მოსალოდნელი იყო“ - რობერტო სპერანცა

იტალიაში აპრილის შემდეგ პირველად კორონავირუსის 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Ansa ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ბიულეტენზე დაყრდნობით.

გასულ ერთ დღე-ღამეში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირება კიდევ 4458 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევათა მთლიანმა რიცხვმა 338 398-ს მიაღწია. ჩატარდა 128 ათასზე მეტი ტესტი.

ბოლო 24 საათში 22 პაციენტი გარდაიცვალა და პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კოვიდ-19-ს 36 083 ადამიანი ემსხვერპლა.

კიდევ 1060 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 236 363-მდე გაიზარდა.

ყველაზე მეტი შემთხვევა – 757ბ ბოლო ერთ დღეში იტალიის სამხრეთ რეგიონ კამპანიაში (ნეაპოლი) გამოვლინდა. „ლიდერებს“ შორისაა (მე-4 ადგ.) ლაციოს რეგიონიც (რომი), 359 ახალი ინფიცირებულით.

სპეციალისტების თქმით, გაზაფხულზე იტალიაში ეპიცენტრი ჩრდილოეთში (ლომბარდია, მილანი) იყო,  ახლა კი გამოკვეთილი ეპიცენტრი არ არსებობს და ინფექცია ქვეყნის ყველა ნაწილში ვრცელდება.

ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას განცხადებით, უკვე 9 კვირაა, ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, ინფექციის ზრდა მოსალოდნელი იყო, ევროპის ქვეყნებში არსებული დინამიკიდან გამომდინარე (მაგ., გასულ 24 საათში საფრანგეთში 18 129 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; პარიზის საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა; 17 540 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო ერთ დღეში დიდ ბრიტანეთში; ესპანეთში – 5585, გერმანიაში – 4341, ნიდერლანდებში – 5822, პოლონეთში – 4280…). მისივე თქმით, მოქალაქეებმა არსებული წესები ძალიან ზედმიწევნით უნდა დაიცვან, სახელმწიფო რეგიონებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს ინფექიიის გავრცელების შესაჩერებლად.

ექსპერტების ბოლო რეკომენდაციაა, ღია ცის ქვეშ მასობრივი ღონისძიებები შეიზღუდოს – ყველანაირი ბაზრობა, მასობრივი სპორტული აქტივობები, აგრეთვე, მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია, რომელიც რომში უნდა ჩატარდეს, ხოლო კვირას – მშვიდობის მარში 25 ათასი ადამიანის მონაწილეობით.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 15 ოქტომბრამდე სავალდებულოა ნიღბის ტარება ქუჩაშიც, ღია ცის ქვეშ; დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 400-იდან 1000 ევრომდე თანხით დაჯარიმდება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომლის ვადა 15 ოქტომბერს იწურებოდა,  2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.

ნინო ხოშტარია

Ansaს ინფოგრაფიკა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close