ისტორიაქართველები უცხოეთში

ქართველმა ტენორმა რუსეთის ელჩი პარიზის ოპერიდან გააძევა

მიხეილ ნანობაშვილი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იყო, რომელმაც ერთ-ერთი წაროდგენის დროს პარიზში რუსეთის ელჩს „გრანდ ოპერის“ დარბაზი დაატოვებინა. მას ევროპელი მსმენელი მიშელ დარიალის ფსევდონიმით იცნობდა.

მიხეილ ნანობაშვილმა სცენაზე გამოსვლის წინ შეიტყო, რომ კონცერტს რუსეთის ელჩი ესწრებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას მიმართა, რომ ვერ იმღერებდა, რადგან საპატიო ლოჟაში იმ ქვეყნის ელჩი იჯდა, რომელმაც საქართველოს ანექსია მოახდინა.

ფრანგმა მსმენელმა სტვენით დაატოვებინა რუსეთის ელჩს წარმოდგენა.

ამ ისტორიას ოპერის ცნობილი მომღერალი ვანიკო გალუაშვილი იხსენებდა:

„1924 წელს, აგვისტოს აჯანყების შემდეგ, „გრანდ ოპერაში“ გადიოდა „კარმენი“. დარბაზში იმყოფებოდა რუსეთის ელჩი საფრანგეთში.

წარმოდგენის დაწყებამდე მაყურებლის წინაშე წარსდგა მთავარი როლის შემსრულებელი მიშელ დარიალი და ფრანგულ ენაზე წარმოთქვა სიტყვა:

მიხეილ ნანობაშვილი (მიშელ დარიალი)

„მე ვარ პატარა ქვეყნის, საქართველოს შვილი. ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, არც კი იცის, თუ რაოდენ დიდი წარსულის და ღრმა კულტურის არის ჩემი სამშობლო, სადაც ახლა უმოწყალოდ ხოცავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს.

აქ ზის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ეს საზარი საქმე მოიმოქმედა და სანამ ეგ უღირსი გვამი აქ ბრძანდება, მათ ჩემი სამშობლოს – საქართველოს ანექსია მოახდინეს, მე სპექტაკლს ვერ ვიმღერებ“, – განმარტა დარიალმა.

მიშელ დარიალის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ოვაციები მოჰყვა, მაყურებელმა სტვენა და ყვირილი დაიწყო. რუსეთის ელჩი იძულებული გახდა, თეატრი დაეტოვებინა.

მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა მიშელ დარიალი სცენაზე. ძალიან დიდხანს ფეხზე მდგომი ფრანგი მაყურებლები ოვაციებით აჯილდოებდნენ ქართველ მომღერალს“, – იხსენებდა ვანიკო გალუაშვილი.

მიხეილ ნანობაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საფრანგეთში. მისი გარდაცვალების თარიღიც უცნობია.

მან მუსიკალური განათლება მილანში მიიღო, იქიდან კი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1908 წელს მიხეილ ნანობაშვილი პირველად წარდგა პარიზის „გრანდ ოპერის“ სცენაზე.

მალე ის კანადაში მიიწვიეს, კონცერტებს მართავდა ჯერ ქალაქ მონრეალში და შემდეგ – ტორონტოში. მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ის ასევე ეწვია იტალიას, ესპანეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.

თამარ ბუჩუკური

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close