ინტერვიუ

18 წლის ნინი პერტიას იტალიური თავგადასავალი

18 წლის სენაკელმა გოგონამ ნინი პერტიამ კონკურსში გაიმარჯვა და მსოფლიოში უდიდესი არაკომერციული, ახალგაზრდობის ლიდერობის ხელშეწყობის ორგანიზაციის, AIESEC-სა და ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლის, ISIE-ს პროგრამის ფარგლებში, შეძლო ევროპის ქვეყნების მონახულება.

ნინი, რომელი სკოლა დაამთავრე და ახლა  სად სწავლობ?

დავამთავრე ქ. სენაკის მეორე საჯარო სკოლა. ამჟამად ვსწავლობ თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ფაკულტეტი – საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა.

როგორ მოხვდი ISIE-ს პროექტში? რა ეტაპების გავლა მოგიხდა და რთული იყო?

სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე ამ პროექტის შესახებ და დავრეგისტრირდი, გავიარე ორი გასაუბრება. პირველი გასაუბრება ქართველებთან გავიარე, შესაბამისად, მარტივად გადავლახე პირველი ეტაპი. ამის შემდეგ ავირჩიე ქვეყანა – იტალია და იტალიელ მენეჯერებს გავესაუბრე; დამიმტკიცეს პროექტი (Aiesecis) და გავიარე ინგლისურენოვანი ტრენინგები 6 კვირის განმავლობაში. იტალიურ სასწავლებელში – Quintino Di Vona-ში ვატარებდი პრეზენტაციებს ევროკავშირსა და ევროპულ მიზნებზე და იტალიელებს ქართულ კულტურასა და საქართველოს ვაცნობდი.

რატომ აირჩიე იტალია, იტალიური იცი?

არა, სამწუხაროდ, იტალიური არ ვიცი, პროგრამა ინგლისურენოვანია. იტალია ალბათ უფრო იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მინდოდა მილანის დათვალიერება, ამ პროექტის მეშვეობით კი ოცნება ავიხდინე.

როგორი იყო შენი იტალიური თავგადასავალი, რამე საინტერესო ამბავს ხომ არ გაიხსენებდი? როგორც ვიცი, საფრანგეთშიც იყავი…

7 კვირა ვცხოვრობდი იტალიელი მასპინძლების ოჯახში, ძალიან ადვილად შევეჩვიე ევროპულ გარემოს. იტალიელები ქართველებს ჰგვანან სტუმართმოყვარეობით, თბილი ხალხია და არ გამჭირვებია. დიდი გამოცდილებაც მივიღე…  ნიცაში და მონაკოშიც მოვახერხე ჩასვლა, პარიზის ნახვაც მინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ამ მოგზაურობამ საკუთარ თავში აღმომაჩენინა სუსტი და ძლიერი მხარეები, რომელთა მართვაც მარტო ყოფნის დროს ვისწავლე.

ერთ კურიოზს გავიხსენებ, რომელიც მილანის მეტროში გადამხდა: დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში და ძალიან ნაცნობი სიტყვები მესმოდა, იმდენად ნაცნობი, რომ მეგონა, მეჩვენებოდა…
„უჯინ მუ სკვამ ძღაბ რე“ („ნახე, რა ლამაზი გოგოა“ – მეგრ.) – ჩემ წინ მეგრელი ბიჭები ისხდნენ. დაახლოებით სამი გაჩერება ვუსმინე, ბოლოს მივედი და მეგრულად ვუთხარი: რა იყო, ბიჭებო, რა გაწუხებთ-მეთქი? – ჩანთები გაუვარდათ ხელიდან… – ყველაფერს ველოდით და თუ შუა მილანში შენ მეგრულად ალაპარაკდებოდი, ვერ წარმოვიდგენდითო.

დავუბრუნდეთ საქართველოს: როგორია შენი ერთი დღე და სტუდენტური ცხოვრება?

როდესაც ერთ-ერთ წამყვან და საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობ, შესაბამისად, სტუდენტური ცხოვრებაც საინტერესო და მრავალფეროვანია. ვინაიდან და რადგანაც რომანტიკოსი ვარ, სახლში ყოფნის დროს, ძირითადად, ფილმებს ვუყურებ ხოლმე: როგორც ფანტასტიკას, ისე რომანტიკულ ფილმებს და კომედიას. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილების“ და ლიზა ჯეინ სმიტის „ვამპირის დღიურების“ კითხვა.

თანატოლებს რას ეტყოდი შენი გამოცდილებიდან?

ცხოვრებაში გამოიყენეთ თითოეული შესაძლებლობა. ერთი პატარა წარმატებაც კი მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას, უფრო მეტიც, ჩვენს აზროვნებას!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close