საბერძნეთში დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც სავალდებულო კარანტინი დაარღვია და მუშაობდა
დაკავებულს 5000 ევრო ჯარიმა ემუქრება
საბერძნეთის ქალაქ კატერინიში დააკავეს 23 წლის ტაქსის მძღოლი, რომელსაც 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა ევალებოდა, მაგრამ მაინც მუშაობდა.
ათენურ-მაკედონიური საინფორმაციო სააგენტო AΜΠΕ-ს ცნობით, 27 ივლისს მამაკაცს დაავალდებულეს 14-დღიან კარანტინში ყოფნა სახლში, რადგან დადასტურდა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულ ადამიანთან, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი მითითებას არ დაემორჩილა და მამამისის ტაქსიზე მაინც მუშაობდა. სწორედ საჭესთან ყოფნის დროს გააჩერა იგი პოლიციამ და დააკავა.
სავალდებულო კარანტინის დარღვევის გამო 23 წლის მამაკაცს სასამართლო და 5000 ევრო ჯარიმა ემუქრება.
პრესისთვის გამართული ბრიფინგის დროს ხუთშაბათს, 6 აგვისტოს მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეცასმა თქვა, რომ არსებობს 3 ძირითადი მომენტი, რომელიც ამ დროისთვის შეშფოთებას იწვევს:
- პირველი არის ის, რომ ეთნიკური ბერძნები და სხვა ეროვნების ადამიანებიც ხშირად მიემგზავრებიან ბალკანეთის ქვეყნებში და ბრუნდებიან უკან, თითქოს ამაში არაფერი ცუდი არ არის და იგნორირებას უკეთებენ ეპიდემიის აფეთქებას ამ ქვეყნებში.
- მეორე – ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მეორე მიზეზი, რომელიც ბოლო დღეებში შეიმჩნევა, არის ბევრი ადამიანის თავშეყრა ბარებში და დიდ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე.
- მესამე არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები