იტალიასაზოგადოება

იტალიის 10 ქალაქში ძლიერი სიცხის გამო საფრთხის „წითელი დონე“ გამოცხადდა

რჩევები სიცხისგან თავდასაცავად

იტალიის 10 ქალაქში დღეს, 31 ივლისს საფრთხის „წითელი დონე“ გამოცხადდა ძლიერი სიცხის გამო. ამის შესახებ today.it წერს.

რომში, ბოლონიაში, ტურინში, ფლორენციაში, კამპობასოში, პესკარაში, რიეტიში, ფროზინონეში, პერუჯასა და ბოლცანოში სიცხე 40-გრადუსიან ზღვარს გადააჭარბებს. ამ ქალაქების გარდა შაბათს, პირველ აგვისტოს საფრთხის „წითელი დონე“ გამოცხადებულია კიდევ 4 ქალაქში – ბრეშაში, ლატინაში, ვერონასა და ვიტერბოში.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, მაღალ ტემპერატურას, 32-იდან 39 გრადუსამდე, ზოგან პიკური მაჩვენებლით – 40-41 გრადუსიაფრიკული ანტიციკლონი განაპირობებს – ცხელი ჰაერის მასები, რომლებიც მაროკოდან და ალჟირიდან ვრცელდება. სიცხე 2 აგვისტომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ტემპერატურა კლებას დაიწყებს. ანტიციკლონი განსაკუთრებით გავრცელდება იტალიის ცენტრალური ნაწილის სამხრეთ შიდა რაიონებში და მთავარ კუნძულებზე. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება პარასკევსა და შაბათს, ღამითაც კი თერმომეტრის სვეტი 23-24 გრადუსზე დაბლა არ დაიწევს.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით 31 ივლისს

საფრთხის „წითელი დონე“ გულისხმობს, რომ მაღალმა სიცხემ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას, ამიტომ შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:

  • თუ აუცილებელი არ არის, ნუ გამოხვალთ გარეთ, განსაკუთრებით 11-იდან 18 საათამდე პერიოდში – ამ დროს ორგანიზმი მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას უნდა მოარიდოთ.
  • მოერიდეთ ყოფნას ისეთ ადგილებში, მათ შორის, პარკებში, მწვანე ზონებში, სადაც ოზონის მაღალი დონეა.
  • მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას ღია სივრცეში დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში.
  • დღის ყველაზე ცხელი მონაკვეთი სახლში, ყველაზე გრილ ოთახში გაატარეთ და ხშირად მიიღეთ შხაპი (წყლის ტემპერატურა 20 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს).
  • სწორად გამოიყენეთ კონდიციონერი და ვენტილატორი.
  • ჩაიცვით ბუნებრივი ქსოვილის (ბამბა, ტილო) თავისუფალი ტანსაცმელი, ატარეთ მსუბუქი ღია ფერის ქუდი და მზის სათვალე.
  • დაიცავით კანი მზის დამწვრობისგან მაღალი დაცვის ფაქტორის კრემით.
  • მიიღეთ ბევრი სითხე, უმჯობესია ჩვეულებრივი წყალი და არა გაზირებული სასმელი, ჩაი ან ყავა (ჩაი და ყავა შარდმდენებია და რეკომენდებული არ არის, ორგანიზმი სიცხეში ისედაც ბევრ სითხეს კარგავს). აგრეთვე, მოერიდეთ მეტისმეტად ცივ სასმელებს და ალკოჰოლს.
  • მსუბუქად იკვებეთ, ნუ მიიღებთ ცხარე და პიკანტურ საკვებს, მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.
  • მიაქციეთ ყურადღება წამლების შენახვას – შეინახეთ ისინი გრილ და ბნელ ადგილას.
  • თუ ავტომანქანაში კონდიციონერი არ გაქვთ, მოერიდეთ მგზავრობას დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში (11-იდან 18 სთ-მდე) .
  • მცირე ხნითაც კი არ დატოვოთ პატარა ბავშვები, ხანდაზმულები ან შშმ პირები პარკირებულ ავტომობილში, რომელიც მზეზე დგას.

ნინო ხოშტარია

6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close