მედიცინაიტალიასაზოგადოება

კორონავირუსის ვაქცინა გაყიდვაში 2021 წლის იანვრიდან იქნება – პიერო დი ლორენცო IRBM-იდან

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას, რომელიც ბრიტანელმა და იტალიელმა მეცნიერებმა შექმნეს, იტალიაში სექტემბერში დაიწყებენ, ხოლო 2021 წლის იანვარში ის თავისუფალ გაყიდვაში იქნება, – ამის შესახებ იტალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Irbm-ის ხელმძღვანელმა პიერო დი ლორენცომ განაცხადა 27 ივლისს Libero-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, ვაქცინის ერთი დოზის ფასი, სავარაუდოდ, 2-3 ევრო იქნება.

ვაქცინა ChAdOx1-ზე იტალიური Irbm-ის სპეციალისტები, ოქფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები და ფარმაცევტული ჯგუფი, შვედურ-ბრიტანული AstraZeneca მუშაობენ. პრეპარატი წარმატებით გამოცადეს 1000 პაციენტზე, ახლა კი, მე-2 და მე-3 ეტაპზე, ტესტები 10 ათასი მოხალისის მონაწილეობით ტარდება. მესამე ფაზა მოიცავს, აგრეთვე, ბავშვებს და ხანდაზმულ ადამიანებს.

მესამე ეტაპის შედეგები სექტემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ვაქცინის გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მისი წარმოება შესაძლოა სექტმებერშივე დაიწყოს. პიერო დი ლორენცოს თქმით, სავარაუდოდ, მას, პირველ რიგში, მიიღებენ რისკჯგუფში შემავალი ადამიანები, თავისუფალ გაყიდვაში კი ვაქცინა 2021 წლის იანვრიდან იქნება. იგი იმედოვნებს, რომ სახელწიფოს მარეგულირებელი ორგანოები ბიუროკრატიულ პროცედურებს შეამცირებენ და ვაქცინასთან დაკავშირებით დროულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

მისივე თქმით, 2021 წლის ივნისისთვის შესაძლებელია უკვე ნახევარი მსოფლიოს იმუნიზაცია, რაც პანდემიის დამარცხების ტოლფასი იქნება.

ცნობისათვის, ოქსფორდის ვაქცინა დაფუძნებულია „ვირუსული ვექტორის“ მეთოდზე, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოიყენება იმ ვირუსის მსგავსი ვირუსი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ვაქცინა, თუმცა ვაქცინაში შემავალი ვირუსი არ არის აგრესიული და მისი „გენეტიკური ინფორმაცია“ ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს.

ნინო ხოშტარია

წყარო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close