ელიფ შაფაქი: ისტორიის წაშლა – რატომ უნდა დარჩეს აია სოფია მუზეუმად
სტამბოლი არის ქალაქი მდიდარი, განსხვავებული, გამაოგნებელი ისტორიითა და მაინც, ღარიბი მახსოვრობით. აქ შეგიძლია, საათობით ისეირნო ქუჩებში, ისე რომ ვერსად გადააწყდე მემორიალურ დაფას, ან ნიშს ქალაქის მრავალფეროვანი მემკვიდრეობის შესახებ. შეიძლება ისე გაიარო ოტომანთა სასაფლაოსთან, რომ ვერც კი მიხვდე, სად იმყოფები, თუ ვერ შეძლებ წაიკითხო წარწერები იქ დაკრძალული ადამიანების საფლავის ქვებზე. დღეს თურქეთი, ზოგადად, წარმოადგენს კოლექტიური ამნეზიის საზოგადოებას, რომლის წარსულთან კავშირიც მთლიანობაში სავსეა წყვეტებით, სასიამოვნო მივიწყებითა და დუმილით.
ამის შედეგი კი არის ისტორიის ცოდნისა და გაგების ვაკუუმი, რომელიც ივსება ხან ისლამური რელიგიური, ხან კი წარსულის ულტრანაციონალისტური ინტერპრეტაციებით, ან ხშირად, ამ ორივეს საშიში სინთეზით. მართალია, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი ისტორიის ოფიციალური ვერსია, დაწერილი გამარჯვებულთა თვალით, მაგრამ მაინც არსებობს სხვაობა დემოკრატიასა და არადემოკრატიაში დაწერილ ისტორიებს შორის.
ქმედით დემოკრატიაში შეგიძლია შეხვდე ისტორიათა სიმრავლეს, ისტორიებს და ამბებს და არა ერთადერთ თხრობას. შეგიძლია იარო წიგნის მაღაზიაში და იყიდო წიგნები, რომლებიც მდუმარებას ახმოვანებენ, ნათელს ჰფენენ იმას, რისი დავიწყებისკენაც დომინანტ ამბებს მივყავართ. ასეთი წიგნებისა თუ სტატიების ავტორებს არც აპატიმრებენ, არც დევნიან.
ჩემს მშობლიურ თურქეთში კი დომინანტი ისტორია უკიდურესად ხმამაღლა ხმაურობს და ახშობს ყოველივე სხვას. სკოლაში ისტორიის სწავლებისა და საზოგადოებრივი კულტურით მისი გავრცელების გზა სისტემურად ბინდით მოსავს უმცირესობებს, მრავალფეროვნებასა და სიმართლეს: როგორი იყო ქალის ცხოვრება ოტომანთა იმპერიაში? ან ბერძენთა, სომეხთა, ალევიტთა, ქურთთა, ჰეტეროდოქს მუსულმანთა? როგორია გარიყულთა ისტორიები?
სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ თურქეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ.
არქიტექტურული, კულტურული, სახელოვნებო შედევრი – აია სოფია, არაერთი მიზეზით არის განსაკუთრებული. ამასთანავე, მას აქვს უდიდესი სიმბოლური ღირებულებაც. ბიზანტიის იმპერიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანთა კათედრალის შენება გასაოცარი სისწრაფით დასრულდა 537 წლისათვის, სულ რაღაც ექვს წელიწადში. ასეთი იყო იმპერატორ იუსტინიანეს სურვილი, რათა ეჩვენებინა მისი დიდებულება მსოფლიოსათვის. ამბობენ, დასრულებულ ტაძარში მისულს წამოუძახია: „სოლომონ, მე შენ გაჯობე!“.
აია სოფია დარჩა მართლმადიდებელთა ეკლესიად დაახლოებით 900 წლის მანძილზე (იმ მცირე დროის გამოკლებით, როდესაც ჯვაროსნებმა ის კათოლიკურ კათედრალად გადააქციეს), სანამ 1453 წელს ოტომანი თურქები სტამბოლს დაიპყრობდნენ. ქალაქის აღების შემდეგ სულთანმა ფათიჰმა ის მეჩეთად გადააკეთა და ასეთად დარჩა დაახლოებით 480 წლის მანძილზე. ასეთი ძალმომრეობითი გადაკეთებები მხოლოდ სტამბოლში არ ხდებოდა, ესპანეთიდან საბერძნეთამდე მრავალი მეჩეთია ეკლესიად გადაკეთებული. კორდობის დიდი მეჩეთი ამის ცოცხალი მაგალითია. ის, რაც აია სოფიას შემთხვევაში იყო განსაკუთრებული, არის 1934 წელს ათათურქის მეთაურებით თანამედროვე ქვეყნად ქცეულ თურქეთში ისტორიული შენობის მუზეუმად – სამოქალაქო სივრცედ გარდაქმნა. სწორეს ეს არის ის მემკვიდრეობა, რომლის უკუგდებასაც ცდილობს ერდოღანი.
აია სოფიას ინტერიერი სავსეა ხელოვნების საოცარი ნიმუშებით, რომლებიც ისეთივე წარმტაცია, როგორც მისი არქიტექტურა. ბიზანტიელებმა, რამდენადაც თავს ძველი რომაელების ბუნებრივ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, კომპლექსი ძვირფასი მოზაიკებით შეამკეს, რომლებიც ხაზს უსვამდა მათ მემკვიდრეობას. ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე დედოფალ ძოეს გამოსახულება, თავისი ფართო თვალებით, შთამბეჭდავი ცხვირითა და ღრმა ინტელექტით – ძლიერი მმართველი ქალი სახით, რომელსაც სამი ქმარი ჰყავდა (რაც მოითხოვდა, რომ ყოველ ჯერზე შეცვლილიყო მათ სახეზე კენჭთა განლაგება). ასევე შთამბეჭდავია მოზაიკა ქალწული მარიამისა, რომელსაც კალთაში ყრმა იესო უზის. ასეთ დახვეწილ ბიზანტიურ მოზაიკებს შემდეგ მიემატა ისლამური კალიგრაფიის მშვენიერი ნამუშევრები. მასიური სვეტების თავზე, ყურანის სურა: „ალაჰია ნათელი ცათა და მიწისა“.
ასეთი იყო აია სოფიას განსაკუთრებული ხასიათი. არა ის, რომ იყო ეკლესია, არა ის, რომ იყო მეჩეთი, არამედ ის, რომ ის თავის თავში აერთიანებდა სხვადასხვა კულტურას, სარწმუნოებას და სეკულარიზმს, კოსმოპოლიტურ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ ისტორიას, იქსოვდა რელიგიას, პოლიტიკას, კულტურას და ხელოვნებას. სწორედ ეს კომპლექსური ისტორია იქნა უარყოფილი 10 ივლისს, როდესაც პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრძანა შენობის მუსლიმი მლოცველებისათვის გახსნა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაუუქმა მას მუზეუმის სტატუსი. ათას ხუთასი წლის შენობა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრობის ნაწილი, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ახლა რელიგიის საქმეთა სამმართველოს გადაეცა.
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური სარგებლის ინტერესი, საკითხის გარშემო დისკუსიის შექმნის გზით. დიდი ხანია თურქეთის ეკონომიკა დაღმავლობაშია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა უმუშევრობის ზრდისა და კორონავირუსით გამოვწეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე და ამ უკანასკნელი ქმედებით, ჩანს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ცდილობს, გამოიყენოს თავისი ტრადიციული საყრდენი. „თურქი ერის უფლებები აია სოფიაზე, არ არის მათ უფლებებზე ნაკლები, ვინც ის ააგო 1500 წლის წინათ, მეტიც კია“, – განაცხადა პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში, იმ გადაწყვეტილების გახმოვანებისას, რომელიც სოციალურ მედიაში მრავალჯერ შეფასდა, როგორც „[კონსტანტინოპოლის] მეორედ დაპყრობა“. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერიც კი ჩაება ამ ფერხულში და სურვილი გამოთქვა, დაესწროს პირველ ლოცვას.
ამასობაში კი თურქეთის უმცირესობები, სეკულარული, ლიბერალური და პროგრესული ადამიანები მძიმედ განიცდიან. სომხური წარმოშობის თურქმა პარლამენტარმა გარო პაილანმა ინსტაგრამზე დაწერა: „ეს არის გლოვის დღე ქრისტიანთათვის და ყველა იმათთვის, ვისაც სწამდა პლურალისტული თურქეთისა“. მოგვიანებით კი, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში დასძინა: „ერდოღანს არ შეუძლია, მისცეს ერს პური და სანაცვლოდ მუსლიმ უმრავლესობას აძლევს მეტ რადიკალიზმს“. გადაწყვეტილების გამოცხადებამდეც კი, ფაიქ ოზთურქმა, თურქეთის ოპოზიციური პარტიიდან, განაცხადა, რომ ისინი, ვინც ღიად აკრიტიკებს ამ იდეას, სამშობლოს მოღალატეობის ბრალდების საფრთხის ქვეშ დგებიან.
მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერი შეცვლის იმას, რომ აია სოფია იმაზე ძველია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება. არქიტექტურის, ხელოვნებისა და ისტორიის ეს მარგალიტი არ ეკუთვნის ცალკეულ ტომს ან პოლიტიკურ პარტიას, მემარჯვენეებს ან მემარცხენეებს. აია სოფია ეკუთვნის ქრისტიანებსაც და მუსლიმებსაც, და მეტიც, ეკუთვნის მთელ კაცობრიობას. თურქთა ამჟამინდელი თაობა არ არის მისი მესაკუთრე, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, ვიყოთ მისი მომავლის დროებითი მცველები. მაშასადამე, ეს განსაკუთრებული შენობა, მთელი თავისი ისტორიით, უნდა დარჩენილიყო მუზეუმად, სამოქალაქო სივრცედ, სადაც მისი კარები ფართოდ იქნებოდა გაღებული ყველასთვის, მორწმუნეთა და ურწმუნოთათვის, რადგან მისი გუმბათი საკმარისად დიდია იმისათვის, რომ მთელი კაციობრიობა დაიტიოს.
თარგმნა მ. ლეონიდე ებრალიძემ
კომენტარები