ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა
ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა, – ინფორმაციას „ერთიანი აგროპროექტი“ ავრცელებს.
„შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა“, – ნათქვამია „ერთიანი აგროპროექტის“ ინფორმაციაში.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა.
„საწარმოში, ჯამურად, ხუთ მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა – ბენეფიციარის ინვესტიცია. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. შპს „გლენბერიში“ 150 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22 000. მიმდინარე წელს კომპანიის მფლობელებმა ხუთ ჰა-ზე ბროკოლის და 11 ჰა-ზე მარწყვის პლანტაციაც გააშენეს. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის“, – აღნიშნულია „ერთიანი აგროპროექტის“ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები