მედიცინამსოფლიო

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რაზეა დამოკიდებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა

ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინააღმდეგობრივი მონაცემებია და ერთიანი აზრი არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა, საერთოდ არ არის ჯერ ცნობილი, იქნება თუ არა ეფექტიანი ვაქცინა, რომელსაც შექმნიან და შეძლებს თუ არა ის ადამიანი კოვიდისგან დაიცვას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ცერცვაძის განმარტებით, არ არის გადაწყვეტილი მთავარი საკითხი: ტოვებს თუ არა კოვიდ-19 გამოჯანმრთელებულ ადამიანში მყარ იმუნიტეტს.

„თუ ის ტოვებს მყარ იმუნიტეტს, მაშინ ვაქცინა, დიდი ალბათობით, იქნება ეფექტიანი. თუ ის მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს – და გუშინ გამოქვეყნდა სერიოზული კვლევა, რომ მყარ იმუნიტეტს არ ტოვებს კოვიდი – ამ შემთხვევაში ძალიან გაძნელდება ვაქცინის შექმნა, თუმცა მეცნიერებს აქვთ გარკვეული ტექნოლოგიური ნიუანსები, რომლითაც შეუძლიათ ხელოვნურად შექმნილი ვაქცინა ეფექტიანი იყოს მაშინაც კი, თუ ის არ ტოვებს ბუნებრივ იმუნიტეტს. კერძოდ, ისინი აძლიერებენ ამ ვაქცინაში შემავალ ცილებს ადიუვანტებით, რომ ის უფრო იმუნოგენური გახდეს და იმუნიტეტის გამოუშავებას ხელი შეუწყოს. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედები აქვთ“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოქსფორდის ვაქცინასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწვეტილება, რომ ის კვლევის დასრულებამდე ჩაეშვა წარმოებაში.

„ჩაშვებულია უზარმაზარი რაოდენობით. ანუ მიდიან იმაზე, რომ ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ რაღაც იმედი არსებობს, უკვე ჩაუშვეს წარმოებაში. ვფიქრობ, ან ისინი წავიდნენ დიდ რისკზე, იმიტომ რომ, თუ გაუმართლათ, დიდ მოგებას ნახავენ. თუ არ გაუმართლათ, დიდ ზარალს ნახავენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება სტატისტიკას: ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 9,5 მილიონს გადააჭარბა (9 547 593), მსხვერპლთა რიცხვი ნახევარ მილიონს უახლოვდება (485 356), შესაბამისად, ლეტალური შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი, საშუალოდ, 5%-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა  5189 640 პაციენტი (54,3%-ზე მეტი).

ვირუსის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ამ დროისთვის პირველ ადგილზე არის აშშ (2 462 708 შემთხვევა, 124 282 გარდაცვლილი); მეორე ადგილზეა ბრაზილია (1 192 474 შემთხვევა, 53 874 გარდაცვლილი. ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 42 725 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1185 ადამიანი. ბოლო პერიოდში სამხრეთ ამერიკა ვირუსის გავრცელების ახალი ეპიცენტრი გახდა).

ევროპაში ყველაზე მეტად დიდი ბრიტანეთი დაზარალდა (306 862 შემთხვევა, 43 081 გარდაცვლილი).

რაც შეეხება საქართველოს: ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კონტროლი კვლავ წარმატებით ხორციელდება. ამ დროისთვის დაფიქსირებულია 917 შემთხვევა (+3 გასულ 24 საათში; სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია), გარდაიცვალა 14 პაციენტი (1,5%), გამოჯანმრთელდა 776 ადამიანი (თითქმის 85%). ამ დროისთვის ინფექციის მატარებელ აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 127-ია, მათგან ექიმები 5-ის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close