fbpx
იტალიაკრიმინალიმიგრაცია

დევნილის სტატუსის მქონე ემიგრანტმა ქალმა იტალიაში ბარმენი დაჭრა

„სამუშაოზე აყვანის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდა“

რუსეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალმა, 26 წლის ელის გონმა ტურინში, სან დონატოს 82 ნომერში მდებარე ბარის მეპატრონეს დანით ჭრილობა მიაყენა და თავისი საქციელი მამაკაცის მხრიდან სექსუალური მეძიებლობით ახსნა. ამის შესახებ La Stampa წერს.

შემთხვევა 23 ივნისს, დღისით მოხდა. ახალგაზრდა ქალი ბარში შევიდა და მის მეპატრონე 47 წლის იტალიელ მამაკაცს დაესხა თავს: თავიდან სახეში სპრეი შეასხა, შემდეგ კი დანით მუცლის არეში და ხელზე ჭრილობა მიაყენა. როგორც ჩანს, ყვირილის ხმაზე ვიღაცამ კარაბინერები გამოიძახა, რომლებიც მალევე მოვიდნენ და თავდამსხმელი დააკავეს. მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჭრილობა სერიოზულია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.

დაკითხვაზე ქალმა თქვა, რომ ბარის მეპატრონემ სამუშაოს სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა და ამის გამო გაუსწორდა, რადგან თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო მამაკაცები სძულს. თავის მხრივ, დაზარალებული ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და მას არანაირი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალისთვის არ მიუყენებია. მისი თქმით, დილით გასაუბრება ჰქონდათ და უთხრა, რომ სამუშაოზე არ აიყვანდა, შუადღისას კი იგი დაბრუნდა, მოულოდნელად ჯერ სახეში სპრეი შეასხა და შემდეგ დანით ჭრილობა მიაყენა.

La Stampa-ს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალგაზრდა ქალს სამართალდამცველებთან აქვს საქმე.  2018 წელს მას მანაგუის (ნიკარაგუა) სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა იმისთვის, რომ ნიკარაგუის დედაქალაქში სასულიერო პირს დაესხა თავს – კერძოდ, გოგირდის მჟავა შეასხა მაშინ, როდესაც მანაგუის ტაძრის მოძღვარი მარიო გევარა მისგან აღსარებას იბარებდა და ეშმაკის განდევნის რიტუალს ატარებდა.

დაპატიმრების შემდეგ ქალმა თქვა, რომ მასში ეშმაკი ჩასახლდა: „სატანამ მითხრა, ვინმე მომეკლა, თუ არადა ჩემს სიცოცხლეს წაიღებდა სანაცვლოდ“, – და დაუმატა, რომ მამაკაცები სძულს თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო.

ელის გონი ნიკარაგუაში 2018 წლის 3 მაისს დააკავეს და მანაგუის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აგვისტოში ვადამდე გათავისუფლდა. ამის შემდეგ იგი ისევ იტალიაში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე წლის წინ დევნილის სტატუსი მიიღო, რადგან ფემინისტური ორგანიზაციის წევრობისა და სექსუალური ორიენტაციისთვის რუსეთში იდევნებოდა.

იტალიაში დაბრუნების შემდეგ ელის გონი რამდენიმე ხანს კასტილიონე ტორინეზეში (კომუნა ტურინში, ტურინიდან ჩრდილოეთით, დაახ. 11 კმ-ის დაშორებით) ცხოვრობდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close