მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსი: პეკინი კარანტინშია, ხელისუფლება ცდილობს, COVID-19-ის მეორე ტალღა თავიდან აიცილოს

ჩინეთის დედაქალაქის მილიონობით მცხოვრები ისევ კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ოთხშაბათს, 17 ივნისს ქალაქში კორონავირუსის შიდა გადაცემის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 7 დღის განმავლობაში კი  – 137. მანამდე პეკინმა 57 დღე იცხოვრა კორონავირუსული ინფექციის გარეშე. ვირუსით ინფიცირება მხოლოდ ჩამოსულებს უფიქსირდებოდათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი აფეთქების წყაროდ იქცა უზარმაზარი საბითუმო ბაზარი „სინფადი“, რომელზეც 21-მილიონიანი ქალაქის მცხოვრებლების მიერ მოხმარებული ხორცის და ბოსტნეულის 80% მოდის.

მას შემდეგ, რაც ქალაქში შიდა გადაცემის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ახალი კორონავირუსი „სინფადის“ ბაზარში ორაგულის დასაჭრელ დაფებზე აღმოაჩინეს.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო პეკინმა ასობით ავიარეისი გააუქმა და სარკინიგზო მომსახურება შეაჩერა. გაუქმებულია 1255 რეისი (პეკინიდან და პეკინში) ქალაქის ორ ძირითად აეროპორტში, რაც დაგეგმილი ფრენების დაახლოებით 70%-ია. როგორც ცნობილია, ჩინეთში ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ფრენები სრულდება.

რაც შეეხება სარკინიგზო მომსახურებას, რკინიგზა მოსახლეობას წინაწარ შეძენილი ბილეთების ღირებულებას სრულად აუნაზღაურებს.

ისევ დაიკეტა სკოლები, საცურაო აუზები და ფიტნეს კლუბები, გაუქმდა სპორტული შეჯიბრებები.

ჩინეთის მთავრობამ ასევე მოუწოდა ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს და პარკებს ვიზიტორების რაოდენობა 30%-მდე შეამცირონ.

გზები ღიაა, საწარმოები და ორგანიზაციები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

პეკინის 27 მიკრორაიონი საშუალო რისკის ზონადაა გამოცხადებული, ხოლო ერთი – ჰუასიანის კვარტალი, რომელიც სინფადის ბაზრის გვერდით მდებარეობს, მაღალი რისკის ზონად გამოცხადდა.

მთლიანობაში ქალაქი მეორე ხარისხის საგანგებო რეჟიმშია (სამი შესაძლო რეჟიმიდან).

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close