იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: 26 გარდაცვლილი და 303 ინფიცირებული გასულ ერთ დღეში

„როგორც ჩანს, მეორე ტალღის საშიშროება არ არსებობს“, - პიერპაოლო სილერი

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით იტალიაში 15 ივნისს, საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ახალი სტატისტიკის თანახმად, გასულ 24 საათში კოვიდ-19-ისგან  26 ადამიანი გარდაიცვალა (ეს ყველაზე მცირე რაოდენობაა 28 თებერვლის შემდეგ, როდესაც 21 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, 29 თებერვალს კი უკვე 29 მსხვერპლი იყო). ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსმა იტალიაში 34 371 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.

გასულ ერთ დღეში კოვიდ-19-ისგან არავინ გარდაცვლილა 12 რეგიონში, ესენია: პიემონტი, ვენეტო, მარკე, კამპანია, ფრიული ვენეცია ჯულია, აბრუცო, უმბრია, სარდინია, ვალე დ’აოსტა, კალაბრია, მოლიზე, ბაზილიკატა.

ჩატარებული ტესტირებების შედეგად 303 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა (გუშინ – 338) და ინფიცირების შემთხვევების საერთო მაჩვენებელმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 237 290-ს მიაღწია. გასულ 24 საათში ბოლცანოს პროვინციის გარდა კიდევ 8 რეგიონში არ დაფიქსირებულა ინფიცირების ახალი შემთხვევები, ესენია: ფრიული ვენეცია ჯულია, აბრუცო, უმბრია, სარდინია, ვალე დ/აოსტა, კალაბრია, მოლიზე, ბაზილიკატა.

რეანიმაციაში მოთავსებულია 207 მძიმე კოვიდ-პაციენტი (გუშინდელთან შედარებით მათი რაოდენობა 2-ით შემცირდა), მათგან ლომბარდიაში – 94, იმდენივე, რამდენიც გუშინ. მთლიანობაში კი იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 909 მოქმედი პაციენტია, რომელთაგანაც, რეანიმაციაში მოთავსებულთა გარდა, საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზებულია 3489 პაციენტი, დანარჩენები სახლში იმყოფებიან თვითიზოლაციაში უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით.

„ბოლოს და ბოლოს შვებით ამოვისუნთქეთ, სიტუაცია უმჯობესდება. მიუხედავად გახსნისა, კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროება, როგორც ჩანს, არ არსებობს. ზომები დაცულია, დაშორებიდან – ხელების დაბანამდე, თუმცა აუცილებელია მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა  ჯანმდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ Rai Radio1-ის გადაცემა Centocittà -ში.

იტალია „მესამე ფაზაში“ გადასვლას აგრძელებს, მაგრამ ყველაფერი ჯერ მაინც არ იხსნება – მწვანე შუქი მიეცა კინოთეატრებს, თეატრებს, ფესტივალებს, საქორწილო ცერემონიებს, თუმცა გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე რეგიონები დამოუკიდებლად იღებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close