„ქარწაღებულნი“ „ამაზონის“ რეიტინგში ლიდერობს
მხატვრულმა ფილმმა „ქარწაღებულნი“ (1939 წ.) „ამაზონის“ რეიტინგში ლიდერის პოზიცია დაიკავა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ონლაინ კინოთეატრმა HBO Max-მა ის თავისი კატალოგიდან ამოიღო „მონობის რომანტიზების“ და ეთნიკური და რასობრივი ცრურწმენების ასახვის გამო. ფილმის მიმართ ინტერესი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაიზარდა და „ქარწაღებულნი“ გაყიდვების რეიტინგის ლიდერთა შორის არა მხოლოდ „ამაზონზე“, არამედ iTunes-Apple-ის ხუთეულშიც მოხვდა.
ფილმში „ქარწაღებულნი“, რომელიც 1939 წელს გადაიღეს მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, აშშ-ში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის (1861-1865) პერიოდია ასახული. კინოსურათმა 8 „ოსკარი“ დაიმსახურა. მასში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები – ვივიენ ლი (სკარლეტ ო’ჰარა) და კლარკ გეიბლი (რეტ ბატლერი) ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი ჰეტი მაკდენიელი, რომელიც სკარლეტის შავკანიანი მოსამსახურის, დედილოს როლს ასრულებს, პირველი მუქკანიანი მსახიობი გახდა, რომელმაც „ოსკარი“ დაიმსახურა (ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის).
HBO Max-ში ამბობენ, რომ ფილმს სამომავლოდ ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირებით ინფორმაციას დაურთავენ და კატალოგში დააბრუნებენ.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: 8 „ოსკარის“ მფლობელი ფილმი „ქარწაღებულნი“ ონლაინ კინოთეატრმა თავისი კატალოგიდან ამოიღო
კომენტარები