მსოფლიოსაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები არ იყო

200-მდე პაციენტი საავადმყოფოში დასაწოლად თავის რიგს ელოდება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება, – ამის შესახებ 6 ივნისს ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ეს პირველი ოფიციალური აღიარებაა იმისა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას ეპიდემიასთან გამკლავება აღარ შეუძლია.

ფაშინიანის თქმით, ვალდებულია მოსახლეობას უთხრას სიმართლე, „რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლე“.

„სამწუხაროდ, დღეისათვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისეა გადატვირთული, რომ საავადმყოფოებში ვერ იღებენ იმ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. მეტსაც გეტყვით, უკვე გვქონდა შემთხვევა, როცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დაგვიანების გამო ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა, როდესაც პაციენტები საჭიროებდნენ რეანიმაციაში მოთავსებას, თუმცა ინტენსიურ განყოფილებებში ადგილები არ იყო.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკვე კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა.

„დღეს ჩვენ ახლოს ვიყავით, მიგვეღო გადაწყვეტილება ტოტალური კარანტინის შემოღების თაობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რამდენიმე დღის წინ თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება რეზიდენციაში და მთავრობას იქიდან ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ეპიდემიის სტატისტიკას: სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 766 შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 13 130-მდე გაიზარდა. ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით ინფიცირებულთა რიცხვი 4431-ს აღწევს და ამ მაჩვენებლით სომხეთმა იტალიასაც გაუსწრო (3883) და დიდ ბრიტანეთსაც (4198). სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 30 მაისს აცხადებადა, რომ ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევსო.

სომხეთში კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 4014 ადამიანი.

გუშინდელთან  შედარებით 10-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი და განახლებული მონაცემებით, სომხეთში კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის 200 შემთხვევა ფიქსირდება.

საგულისხმოა, რომ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულებს, რომლებიც „სხვა დაავადებებით“ გარდაიცვალნენ კორონავირუსით გამოწვეული გამწვავების გამო. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 72 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნინო ხოშტარია

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close