ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, – თქვა აშშ-ის ლიდერმა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის განკუთვნილი თანხა გადაამისამართა სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალურ ჯანდაცვაზე.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის გლობალური პანდემიის პროვოცირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, 100 ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთმა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოს შეცდომაში შესაყვანად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მოახდინა ზეწოლა.
1tv.ge
ცნობისათვის: ამ დროისთვის აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1 788 224 შემთხვევაა დადასტურებული (ბოლო ერთ დღეში 19 763 ახალი შემთხვევა გამოვლინდა), გარდაიცვალა 104 357 ადამიანი (გასულ ერთ დღეში – 1027), გამოჯანმრთელდა 504 044 – ამ მონაცემებით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით. სულ ჩატარებულია 16 757 789 ტესტი და ქვეყანა ამ მაჩვენებლითაც ლიდერობს.
მთლიანობაში კი მსოფლიოში ამ დროისთვის (30.05.2020, 01:30 სთ) ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 992 904 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 365 377 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 636 451.
კომენტარები